„აბიტურიენტებმა, პროფესია თავად უნდა აირჩიონ და არა სხვისი გავლენით!“- სკოლის დირექტორები აბიტურიენტებს ურჩევენ
30-03-2023

აბიტურიენტები სკოლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგებიან. ირჩევენ პროფესიას, რომელსაც მომავალი უნდა დაუკავშირონ, ეს პროცესი კი მათთვის ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა.

თუ როგორ გააკეთონ სწორი არჩევანი აბიტურიენტებმა და რა გაითვალისწინონ პროფესიის შერჩევისას, etaloni.ge-ისთან სკოლის დირექტორები საუბრობენ.

სკოლის ხელმძღვანელებმა, თავიანთ გამოცდილებაზე დაფუძნებით, ახალგაზრდებს საჭირო და მნიშვნელოვანი რჩევები მისცეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის, სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა რურუა:

იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით და ორიენტირდნენ თავიანთი მიზნებზე. პროფესიის არჩევა ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ახალგაზრდებმა არჩევანი მოწოდების, ინტერესის და შინაგანი ბუნების მიხედვით უნდა გააკეთონ!

მე პროფესიის არჩევისას გავლენის ქვეშ მოვექეცი, არ ვამბობ, რომ ამან არ გაამართლა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ძალდატანებული პროფესია შენს შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება, რაც ძალიან ცუდია.

პრაქტიკული და პრაგმატული უნდა იყო და სწორად განსაზღვრო, რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა სამშობლოსთვის და სრულფასოვნებისთვის. რეალურად ეს ძალიან რთული საკითხია და ყველა აბიტურიენტი, მაინც საკუთარ თავს უნდა ენდოს.

აბაშის მუნიციპალიტეტის, მარანის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა პიტავა:

პირველ რიგში ვუსურვებ წარმატებას. ვფიქრობ, უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვეხერხება და რაც ჩვენს ქვეყანას გამოადგება, შემოსავალმა არ უნდა განსაზღვროს ჩვენი პროფესია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

ჩვენ ვართ ოჯახის სარკე! მთავარია ახალგაზრდები კარგი და ღირსეული პიროვნებები გამოვიდნენ.

ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის, ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა:

აბიტურიენტებმა კარგად უნდა აწონ-დაწონონ, რომელ ფაკულტეტზე უნდათ ჩაბარება და რა განხრით სურთ მოღვაწეობა, მათ სწორად უნდა დაგეგმონ მომავალი თავიანთი შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით.

მთავარია, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ და უყვარდეთ პროფესია, რომელზეც არჩევანს შეაჩერებენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის, ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი იური მრელაშვილი:

რა თქმა უნდა, ყველა აბიტურიენტს წარმატებასა და მიზნების მიღწევას ვუსურვებ.

მოსწავლეებმა, პროფესიის შერჩევისას სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ, თავიანთი უნარების გათვალისწინებით. უშუალოდ გამოცდების პროცესში კი, მნიშვნელოვანია, დრო სწორად გაანაწილონ, რომელიმე საკითხის არ ცოდნის გამო არ დაიბნენ, გადავიდნენ სხვა საკითხზე და მოგვიანებით მიუბრუნდნენ.

ხშირად ბავშვებს დროის განაწილება უჭირთ და ეს მათ შედეგებზე აისახება, ამიტომ არ უნდა იყვნენ დაძაბულები. ემოციური ფონი არის, მაგრამ მობილიზაცია უნდა შეძლონ - ასეთია ჩემი მეგობრული, შინაურული და თუნდაც მასწავლებლური რჩევა მათთვის.

გორის მუნიციპალიტეტის, უფლისციხის საჯარო სკოლის დირექტორი თინა ფანჯველიანი:

ყველა აბიტურიენტს დიდი წარმატებასა და მიზანსწრაფულობას ვუსურვებ.

პროფესია სიყვარულით უნდა აირჩიონ! მოსწავლეებმა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რამდენად შეძლებენ საკუთარი პროფესიით რეალიზებას.

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა:

აბიტურიენტებმა, პროფესია თავად უნდა აირჩიონ და არა სხვისი გავლენით! როგორი მომავალი გინდა თავად ყველაზე კარგად იცი, ამიტომ არჩევანიც შენი სურვილით უნდა გააკეთო!

შეგიძლია ბევრი რამ, რაც არ მოგწონს გამოცვალო, მაგრამ პროფესიის გამოცვლა ძნელია, გამომდინარე აქედან სწორი არჩევანის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია.

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი:

პირველ რიგში დაფიქრდნენ რა უნდათ, რას კარნახობთ გული და გონება. განსაზღვრონ, რომელი პროფესია გამოადგებათ და სად შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას. თუკი პროფესია გიყვარს და ხარ პროფესიონალი რეალიზებას ყოველთვის შეძლებ, ამიტომ სურვილითა და სიყვარულით უნდა აირჩიონ პროფესია.

მე ბავშობიდან მასწავლებლობა მინდოდა, მაგრამ იმდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტექნიკურ უნივერსიტეტში სულ სხვა მიმართულებით ვისწავლე, თუმცა მერე თავიდან ჩავაბარე და მაინც პედაგოგიური დავამთავრე.

აბიტურიენტებმა უნდა იბრძოლონ საოცნებო პროფესიებისთვის!

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ მანდარია:

აბიტურიენტებმა სწორად უნდა შეარჩიონ პროფესია და განსაზღვრონ, თუ რა მიმართულებით ემსახურონ მსოფლიოსა და თავიანთ ქვეყანას. მთავარია აირჩიონ ის პროფესია, რაც გულით უნდათ!

ჩემს შემთხვევაში, დედას მძიმე დაავადება ჰქონდა, რამაც განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევა. ბავშვობიდან მიზნად დავისახე ჩემი წვლილი შემეტანა კიბოსთან ბრძოლაში.

მთავარი მიზანი და სიყვარულია, სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა შეარჩიონ აბიტურიენტებმა პროფესია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი იაკობიძე:

წარმატება ყველა მათგანს, ვუსურვებ ცხოვრების ასპარესზე სახელოვან ადამიანებად ჩამოყალიბებასა და მიზნების მიღწევას.

ვურჩევ, რომ პროფესიის შერჩევისას თავიანთი შესაძლებლობები გაითვალისწინონ და განსაზღვრონ, თუ რამდენად გამოადგებათ მათი არჩევანი ქვეყანასა და მომავალ თაობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203