შეიცვლიდნენ თუ არა საჯარო სკოლის დირექტორები პროფესიას - ხელმძღვანელები ბავშვობის სურვილებს გვიმხელენ
23-03-2023

ადამიანები პროფესიის არჩევისას ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს ითვალისწინებენ, როგორიც ბაზრის მოთხოვნილება, საქმის სიყვარული, სამომავლო პერსპექტივა და ანაზღაურებაა. ფაქტობრივად, ყველას უნდა, რომ რეალიზებული და წარმატებული იყოს. 

წლებთან ერთად, ახალ-ახალი პროფესიები ჩნდება, ბაზრის მოთხოვნაც იცვლება.საინტერესოა, ახლა რომ პროფესიას ირჩევდნენ, რა მიმართულებით განვითარდებოდნენ სკოლების დირექტორები - ამ კითხვით etaloni.ge მათ დაუკავშირდა. 
 
ქეთევან ირომაშვილი-ჯაჭვაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, არჩევანს ისევ სკოლის ხელმძღვანელობაზე გავაკეთებდი, რადგან, მიმაჩნია, რომ ის უნარები მაქვს, რაც თანამედროვე დირექტორს უნდა ჰქონდეს. ეს საქმიანობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, სკოლა, ზოგადად, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ყოველ დღე ბევრი სიახლე და გამოწვევაა. იმ ახალგაზრდებს, ვინც დირექტორობას გადაწყვეტს, ვეტყოდი, რომ, პირველ რიგში, ბავშვი უნდა უყვარდეთ, ლიდერები იყვნენ და სიახლეები სასკოლო საზოგადოებამდე მიიტანონ. მე უკვე 16 წელია, რაც სკოლის დირექტორი ვარ და ახლაც ამ პროფესიის ერთგული დავრჩებოდი.

პაატა გაბელია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში რომ ვსწავლობდი, ძალიან მინდოდა, რომ ფილოლოგი გავმხდარიყავი, მაგრამ რაღაცები მოხდა და გადაწყვეტილება უცებ შევცვალე. შემდეგ კი ცხოვრებაში შევძელი და ამ პროფესიას დავუბრუნდი. მართალია ფილოლოგი არ ვარ, თუმცა ტექნოლოგიებსა და ბუნებისმეტყველებას ვასწავლი. დიდი სიამოვნებით ვმუშაობ ბავშვებთან, ისინი არიან ჩვენი მომავალი, რომელთაც ადგილის დამკვიდრებაში უნდა დავეხმაროთ. მიზეზი იმისა, თუ რატომაც ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი მისი სპეციფიკაა - ცოდნის გადაცემა და ახალი თაობის განვითარება. მამოძრავებელი ფაქტორი ცოდნის გადაცემის სურვილია.

ნუგზარ ჯომიდავა, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

პროფესიის არჩევა, სერიოზული ნაბიჯია, რა დროსაც სხვადასხვა რამ უნდა გაითვალისწინო. ბაზრის მოთხოვნილებას თუ შევხედავთ, ჩემი აზრით, ახლა ხელობა, სამშენებლო და სადურგლო სამუშაოებია მოთხოვნადი. ამიტომაც, ამ მიმართულებებს ავირჩევდი. ასევე, შემდუღებლებიც არ არიან ბევრი და არჩევანს მოთხოვნილების მიხედვით გავაკეთებდი.

ვარდუჰი მკრტჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, მე ძალიან მიყვარს ექიმის პროფესია, სამედიცინოზე ჩავაბარე კიდეც, მაგრამ ბედი იყო, რომ მასწავლებელი გავხდი. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ პედაგოგი გავხდი. საკუთარ თავს ვეკითხები, ნუთუ მე ვიყავი ის, ვინც ექიმობა გადაწყვიტა. ჩემი მოსწავლეების გარეშე თავს კარგად არ ვგრძნობ, ამიტომაც დღეს რომ არჩევანს ვაკეთებდე, მასწავლებელი გავხდებოდი. წლების განმავლობაში ეს საქმიანობა ისე შემიყვარდა, რომ სახლში გაჩერება შაბათ-კვირასაც მიჭირს.

სოსო წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროფესიას რომ დღეს ვირჩევდე, სხვა მიმართულებით წავიდოდი. გარეულ მტაცებელ ცხოველებზე დაკვირვება მაინტერესებს. საბუნებისმეტყველო საგნის სპეციალისტი ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ამ მხრივ, უფრო წარმატებული ვიქნებოდი. გარეულ მტაცებელ ცხოველებზე დაკვირვება, ბავშვობიდან მოყოლებული, დღემდე ძალიან მაინტერესებს. ახლა კი უკვე გვიანია იმისთვის, რომ პროფესია შევიცვალო. ახალგაზრდებს ვურჩევდი, არჩევანი იმ პროფესიაზე გააკეთონ, რაც უყვართ და აინტერესებთ.

ენისე აბაშიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი, რადგან აუცილებელია, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს, ახალი თაობას გავუზიაროთ. ამიტომაც მე ისევ მომავალი თაობის სამსახურში ყოფნას ავირჩევდი. მოსწავლეებს ვეტყოდი, რა მიდრეკილებაც აქვთ, გული რასაც ეტყვით, ის არჩევანი გააკეთონ. არ მიმაჩნია, რომ ყველამ აუცილებლად უმაღლესი განათლება მიიღოს, შეიძლება სხვა სფეროს გაჰყვეს და უფრო წარმატებული იყოს.

დალი დიასამიძე, ბათუმის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, ისევ პედაგოგი გავხდებოდი. ეს პროფესია მე-3 კლასში ავირჩიე, ამიტომაც პროფესიის ერთგული ვიქნები. ეს საქმიანობა - განათლების სფერო და ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და მომწონს. ექიმი ფიზიკურად კურნავს, მაგრამ მასწავლებელი ბავშვის სულის მწვრთნელია. ის მხოლოდ აკადემიურ ცოდნას არ აძლევს, სულიერადაც ზრდის.

მამუკა კუპატაძე, შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ გადმოსახედიდან, ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი. ამის მიზეზი ბავშვების სიყვარული, ჩემი სოფლის სიყვარულია. მომავალი თაობის აღზრდა მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი საქმეა. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ის პროფესია აირჩიონ, რაც ნამდვილად აინტერესებთ, რაც უყვართ. მათ ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯი არ უნდა ინანონ. დააკვირდნენ, რაც უფრო გამოსდით ან ოჯახური ტრადიცია გააგრძელონ.

ლიანა ქოჩიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის დირექტორი:

დღეს რომ არჩევანის წინაშე აღმოვჩნდე, გადაწყვეტილებას ისევ მასწავლებლის პროფესიის სასარგებლოდ გავაკეთებდი. დირექტორობა ეს შემდგომ შეძენილი სტატუსია. რომ ვთქვა, ძალიან მონდომებული ვარ, დირექტორი ვიყო, უკვე ასე არაა. საკმაოდ დიდი ხანია, რაც სკოლის ხელმძღვანელი ვარ, ასაკი ხელს აღარ მიწყობს, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამოვწურე. მთავარი რაც იყო, ახალგაზრდებისგან საუკეთესო გუნდი ავაწყვე. მათ ჩემი ესმით, სჯერათ და მეც ანალოგიურად, მხარში ვუდგავარ. სწორედ ესაა აუცილებელი - სკოლაში მშვიდი, გარემო იყოს და ყველა თავის საქმეს აკეთებდეს. მე ამას მივაღწიე და კმაყოფილი ვარ. დირექტორის პოსტზე ჩემი მონაპოვარი სწორედ ესაა. თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილებით მოხარული და დღევანდელი გადმოსახედიდან, პროფესიას ნამდვილად არ შევიცვლიდი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203