ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
შესაბამისად, ღრელის საჯარო სკოლის l, lV, VII კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშნვნას დიდი სიხარულით შეუერთდნენ. წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო არაერთი აქტივობა, მათ შორის მოსწავლეებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს და ისაუბრეს რატომ უნდა წაიკითხონ წიგნები. უფროსკლასელებმა შეარჩიეს საინტერესო წიგნები და წაუკითხეს პირველკლასელებს, პატარებმაც წაიკითხეს საყვარელი წიგნები, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
ღონისძიება ჩატარდა დაწყებითი კლასის მასწავლებლის - მანანა ზაზაძისა და ქართული ენის მასწავლებლის - მართა ნებაძის ხელმძღვანელობით.
„აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: