izrune.ge - ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
04-02-2025

izrune.ge - ს გამორჩეულად ბეჯითი და აქტიური მოსწავლეების დასაჯილდოებლად გამართულ ღონისძიებას სკოლის დირექტორები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას izrune.ge -ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ izrune.ge ორიენტირებულია დანერგოს თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებს, განათლების მიღებასთან ერთად დაეხმაროს, უკეთ შეიცნონ საკუთარი ძლიერი მხარეები.

პროექტი, რომელშიც ათასობით მოსწავლეა ჩართული, ორიენტირებულია განვითარებასა და განათლებაზე. ამას კი თავად მონაწილეებისა და მათი მშობლების შეფასებებიც მოწმობს. მშობლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ izrune.ge - ში ჩართვის შემდგომ ამაღლდა ბავშვების მოტივაცია და გაუმჯობესდა მათი უნარები, მაგალითად, გაუუმჯობესდათ დროის აღქმა და ახლა უფრო სწრაფად ახერხებენ კითხვებზე პასუხის გაცემას და კითხვის გააზრებას, ვიდრე პროექტში ჩართვამდე.

როგორც სოფელ ახალი ხიბულის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ბარბარე ბასილაია დედა ელზა კვარაცხელია გვეუბნება, „ბავშვი არის მონდომებული, თავი კარგად გაართვას ტესტებს. ამასთან უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდა სწავლისა და კითხვის.

ამ პროექტისგან ნამდვილად დავალებულები ვართ. რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები და ღონისძიებები კიდევ უფრო დადებითად აისახება ბარბარეზე და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ბავშვებზეც უფრო თამამები გამბედავები და თავისუფლები ხდებიან, სწავლობენ თავიანთი აზრის გამოხატვას და საზოგადოების წინაშე თავის წარდგენას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი უნარებია, რომლებიც მათ სამომავლოდ გამოადგებათ“.

izrune.ge-ს ტესტები თავად ბარბარემაც შეაფასა: „ძალიან მომწონს, რომ ტესტებთან ერთად სხვადასხვა ტიპის აქტივობების შესრულება მიწევს. მე მადლობელი ვარ ამ პროექტის და ვთვლი, რომ ჩემი ასაკისა და ჩემზე პატარებისთვის ეს პროექტი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ბიძგს გვაძლევს“.

„იზრუნეს“ ტესტებში ჩართულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორის, ჯუნა ცხოვრებაძის მესამეკლასელი შვილიც.

„ izrune.ge-სთან უკვე მესამე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩემი შვილიც, დავითიც პირველივე კლასიდან არის ჩართული „იზრუნეში“ და ძალიან მოსწონს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში და შემიძლია გითხრათ, რომ კმაყოფილები არიან.

მოგეხსენებათ რეგიონები არ ვართ განებივრებული საგანმანათლებლო პროექტებით, „იზრუნე“ კი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას სკოლაში მიღებულ განათლებას ახალი ინფორმაციაც დაუმატონ. ამასთან, ძალიან გაგვიხარდებოდა თუ დაემატებოდა რეგიონული გასვლები, რადგან პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეებისა და მშობლებისთვისაც ეს დამატებითი მოტივაცია იქნებოდა და ინფორმაციის მიღებაც უფრო მეტად გაუმარტივდებოდათ“, - გვითხრა ჯუნა ცხოვრებაძემ.

წლევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც 2 თებერვალს თბილისში გაიმართა, დაჯილდოვდა მარიამ წულაია, რომელიც მეხუთე კლასის მოსწავლეა და აქტიურად ასრულებს ტესტებს.

„მარიამს იზრუნეს გამორჩეული მოსწავლის ტიტული ერგო და ძალიან გვიხარია. ჩართული იყო ვიდეო კონკურსში, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებულიცაა. ბევრი დადებითი შეფასება დაიმსახურა მარიამმა და თვითონაც ძალიან გახარებული იყო ამ კონკურსში მონაწილეობით.

რაც შეეხება უშუალოდ izrune.ge - ს, მარიამს ძალიან უყვარს ეს პროექტი და ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ტესტებს. ბევრი დადებითი უნარ-ჩვევები გამოუმუშავდა, მაგალითად, ისწავლა დროის უკეთ გამოყენება, გახდა დეტალებზე ორიენტირებული... ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ყველა წარმომადგენელს, განსაკუთრებული მადლობა პროექტის ავტორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ასევე ბედნიერი ვარ, რომ გვყავს ისეთი კარგი განათლების პირადი მენეჯერი, როგორიც ელენეა, რომელიც ძალიან ზრუნავს მარიამზე. მინდა, რომ ბევრი წარმატებული, განათლებული მოსწავლე და ახალგაზრდა გვყავდეს და მიხარია, რომ არსებობს ასეთი პროექტი, რომელიც ბავშვებს ნიჭის გამოვლენაში უწყობს ხელს“, - გვითხრა, მადონა გოროზიამ, მარიამ წულაიას დედამ.

 „იზრუნე“ არის პროექტი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს და ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ პირველკლასელი გიორგი დარსაველიძის სწავლა-განათლებაში დედასთან ერთად აქტიურად არის ჩართული მისი ბებია მარინა მიმინოშვილი.

„აქტიურად ვარ ჩართული ჩემი შვილიშვილის განათლებაში. მინდა ის დანაკლისი, რომელიც ჩემს შვილებს ჰქონდათ, აქ ავანაზღაურო და იმედი მაქვს ვახერხებ ამას. არც ერთ ღონისძიებას და არც ერთ აქტივობას არ ვაკლდებით. დიდი ხანია ვგულშემატკივრობ ბატონ გოჩას, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ტელევიზიით გადიოდა „ეტალონის“ გადაცემა. თამამად ვიტყვი, მან არაჩვეულებრივი საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს - საქართველოს აცნობდა და აცნობს საუკეთესო მოსწავლეებს.

თავადაც პედაგოგი ვიყავი ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ქიმიას ვასწავლიდი და ძალიან მომწონს რომ „იზრუნეში“ კითხვები ყველა საგნიდან არისმაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ გიორგიმ მიიღოს კარგი, ხარისხიანი განათლება, ამ პროცესში კი izrune.ge-ს ტესტების ძალიან მეხმარება“.

იხილეთ ფოტოები - izrune.ge-ს დაჯილდოება-შეხვედრა წარმატებულ მოსწავლეებთან - თბილისი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203