პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში
04-02-2025

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.

კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის პედაგოგები საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

გამგზავრება დაგეგმილია 2025 წლის 6-11 აპრილს.

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილე:

1. უნდა იყოს საჯარო სკოლის მოქმედი, ფიზიკის სერტიფიცირებული პედაგოგი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი);

2. პედაგოგს მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში ჩაბარებული უნდა ჰქონდეს 10 კრედიტზე

3. პედაგოგი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ უნდა იყოს ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. დოკუმენტაციის გადარჩევა;

2. გასაუბრება: პროექტის შეფასება, პრეზენტაცია და მისი განხილვა.

საჭირო დოკუმენტაცია:

1. CV ქართულ ენაზე;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. დიპლომის ასლი;

4. სამოტივაციო წერილი

კონკურსზე წარსადგენი მასალა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს ორი რამ:

1) სკოლაში განხორციელებული პროექტი ფიზიკაში (შესაძლებელია იყოს ინტეგრირებული სხვა საგანთან/საგნებთან); ამაში შეიძლება შედიოდეს პროექტის გეგმა, განხორციელების აღწერა, სურათები ან ვიდეომასალა და საბოლოო პროდუქტი;

2) ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სარეკომენდაციო საკითხის პრეზენტაცია Power Point-ის სახით (8-10 სლაიდი/ თხრობის ხანგრძლივობა 8-10 წუთი)

(პრეზენტაციისთვის აირჩიეთ სარეკომენდაციო საკითხებიდან ერთ-ერთი):

1. სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თანამედროვე მეცნიერული თეორიები;

2. ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაცია და მათი ურთიერთქმედებების აღწერა;

3. ახალი აღმოჩენები ფიზიკაში და მათი მნიშვნელობა;

4. ცერნი - მისია, დანიშნულება, ექსპერიმენტები;

5. თავისუფალი თემა;

თავისუფალი თემის არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას როგორც, სარეკომენდაციო საკითხებისგან განსხვავებული თემატიკა, ასევე ფიზიკის სწავლების თანამედროვე ან ორიგინალური მეთოდიკა საკუთარი პრაქტიკიდან.

პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო რესურსის ნიმუშის სახით და უნდა შეიცავდეს მოსწავლეზე ორიენტირებულ კონკრეტულ სასწავლო სტრატეგიებს, მეთოდებს და მიდგომებს.

გთხოვთ, პროექტის მასალები, პრეზენტაცია და ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mnakashidze@tpdc.ge

მასალის წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 თებერვალი.

აჭარის რეგიონის ფიზიკის მასწავლებლებს გთხოვთ, გამოეხმაუროთ აჭარის მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ ანალოგიურ კონკურსს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203