მასწავლებელთა შვებულების საკითხი ყოველთვის აქტუალურია. მოქმედი კანონმდებლობით მათ აქვთ 40-დღიანი შვებულება ზაფხულში, თუმცა საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა გარკვეული დღეების გამოყენება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა და დეტალების უკეთ გასარკვევად, განმარტება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, მენტორ-ადვოკატს, გია აბაშიძეს ვთხოვეთ.
მისი განმარტებით, „დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება აქვს არდადეგების დროს. მხარეთა შეთანხმებით, ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შესაძლებელია სასწავლო პროცესის პერიოდში. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება“.
რაც შეეხება საშვებულებო ანაზღაურებას, ის განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან. „თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით“, - განმარტა etaloni.ge_სთან გია აბაშიძემ