ბაღების პერსონალის მართვის მარეგულირებელ დოკუმენტში განმარტებულია, რომ დაწესებულებას უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და ვალდებულია იგი ყველა დასაქმებულს გააცნოს.
შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:
ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო დღეს სამუშაოს დაწყების დრო და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;
ბ) დასვენების ხანგრძლივობა;
გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;
ზ) წახალისების სახე, პასუხისმგებლობის სახე და მათი გამოყენების წესები;
თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
დაწესებულებას შეუძლია შინაგანაწესში ასევე ასახოს სხვა დებულებები თავისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. თუმცა საყურადღებოა, რომ არ არის რეკომენდებული შინაგანაწესში ისეთი საკითხების შეტანა, რაც უნდა რეგულირდებოდეს ადამიანური რესურსების მართვის მარეგულირებელი დოკუმენტით. შესაბამისად, მიზანშეწონილია დაწესებულებამ გამიჯნოს საკითხები და ასახოს ისინი შესაბამის დოკუმენტებში. შინაგანაწესში აუცილებლად აისახება საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები. მნიშვნელოვანია, რომ შინაგანაწესი არ ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, თანხვედრაში იყოს დაწესებულებაში შექმნილ ყველა მარეგულირებელ დოკუმენტთან და თითოეულ შრომით ხელშეკრულებასთან.