„ქვეყანას განათლებული, გონიერი ახალგაზრდები სჭირდება“ - სკოლის ლიდერთა დარიგება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს
05-04-2024

მალე 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდება - 20 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავლენ და არჩევანსაც გააკეთებენ, რა სურთ ცხოვრებაში - უმაღლესი განათლების მიღება თუ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება... სწორი არჩევანი - ეს ის დილემაა, რომელიც სკოლის ყველა კურსდამთავრებულს აწუხებს და ასეთ დროს თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს; ბავშვებისთვის კი მნიშვნელოვანია იგრძნონ მხარდაჭერა, არა მხოლოდ მშობლების, არამედ მასწავლებლებისა და დირექტორების მხრიდანაც. 

სწორედ მოსწავლეთა მხარდაჭერაა პრიორიტეტი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც etaloni.ge-სთან კურსდამთავრებულთა მომავალზე საუბრობენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყანას განათლებული, პროფესიონალი ახალგაზრდები სჭირდება

აფთანდილ ეფენდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ წელს სკოლას 10 კურსდამთავრებული ეყოლება და ამაყობს, რომ ისინი უმაღლეს სასწავლებელში აპირებენ სწავლის გაგრძელებას:

„საამაყოა, როდესაც შენი მოსწავლეები განათლების სასარგებლოდ აკეთებენ არჩევანს, თუმცა ჩვენი, უფროსების ვალია, თითოეულ მათგანს მხარში დავუდგეთ - მათ ჩვენი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ“, - აღნიშნავს ქაპანახჩის სკოლის ლიდერი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი, რუბენ საჰაკიანი კი ყველა ახალგაზრდას სწავლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება:

„ჩვენი სკოლა საბაზოა და ძალიან მიხარია, რომ მოსწავლეებისთვის სწავლა პრიორიტეტია - ისინი მეზობელ სოფლებში აპირებენ სწავლის გაგრძელებას. მოხარული ვარ, რომ გვყავს კვალიფიციური კადრები, რომლებიც მოსწავლეებს სწორ ღირებულებებს უნერგავენ...

ჩვენს სკოლაში აღზრდილი ბევრი მოსწავლე სწავლობს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში და ახლაც, ჩვენს მეცხრეკლასელებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად გააგრძელონ სწავლა, ჯერ საშუალო საფეხურზე, შემდეგ კი უმაღლეს ან  პროფესიულ სასწავლებლებშიც. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებასა და წინსვლას - ქვეყანას განათლებული, გონიერი ახალგაზრდები სჭირდება“.

საუბრის დასასრულს, როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორმა ისიც გვითხრა, რომ სკოლის შენობა ავარიულია, დოკუმენტაცია მომზადებული აქვთ და ახალი შენობა უნდა აშენდეს, რაც მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, უკეთ ისწავლონ.

ნურადინ ისმაილოვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქესალოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა კი სიამაყით გვითხრა, რომ სკოლა აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან, რაც მოსწავლეთა წარმატების, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩამოყალიბების წინაპირობაა: 

„წელს სკოლას 22 მოსწავლე ამთავრებს და მათი ნაწილი სწავლის გაგრძელებას უმაღლესში აპირებს, ნაწილი კი პროფესიულ სასწავლებელს მიმართავს... ჩვენ პროფესიულ სასწავლებლებთან ვთანამშრომლობთ და მოსწავლეების პროფორიენტაციაზეც ვზრუნავთ, რაც ეხმარება ახალგაზრდებს, აირჩიონ სასურველი პროფესია. მოხარული ვარ, რომ პროფესიული განათლება პრიორიტეტებს შორისაა. თითოეულ ჩემს მოსწავლეს ვურჩევ, სწავლა აუცილებლად გააგრძელოს, უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203