
პანდემიამ მსოფლიო და მათ შორის საქართველოც, არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. არცთუ სახარბიელო ვითარება შეიქმნა, თუმცა მაშინვე, სრულიად პედაგოგიური საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, საკუთრი პროფესიისა და უსაყვარლესი მოსწავლეების სამსახურში მდგომმა „რიგითმა ჯარისკაცებმა“ შეუძლებელი შეძლეს, დღე და ღამე გაასწორეს, რათა ბავშვებისთვის ხარისხიანი, საფუძვლიანი განათლება მიეცათ.
სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია მარნეულის მუნიციპალიტეტის, აღკულის საჯარო სკოლა და მისი პედაგოგიური კოლექტივი. დაგვეთანხმეთ, მარტივი არ არის, გაუძლო ყველა სირთულეს ისე, რომ ეს მოსწავლეებმა არ იგრძნონ... საქმე ის გახლავთ რომ სკოლას მხოლოდ სამი მოსწავლე ჰყავს და ამ გარემოებას როგორც დადებითი, ისე თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია.
წარმოიდგინეთ, სკოლა ფაქტობრივად ცარიელია, მასწავლებლებს არ აქვთ სრული საათობრივი დატვირთვა და შიშველი ენთუზიაზმით, უანგაროდ ემსახურებიან საკუთარ პროფესიას. საოცარი და უჩვეულოა საგაკვეთილო პროცესი აღკულის საჯარო სკოლაში - ფაქტობრივად ცარიელი სკოლა დღეს ამ სამი მოსწავლით ცოცხლობს, სულდგმულობს და კვლავ ელის დროს, როდესაც ასობით მოსწავლე კვლავ აახმაურებს საკლასო ოთახებს.
მანამდე კი მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, დიდი მიზანი აქვთ - გაზარდონ განათლებული თაობა ისე, რომ არავის აგრძნობინონ დაცარიელებული სკოლის სევდა... სევდა, რომელიც მხოლოდ მათ - აღკულის საჯარო სკოლის ერთგულმა რაინდებმა იციან.