
საქართველოს უკიდურეს სამხრეთში, თითქმის სომხეთის საზღვართან ერთი პატარა სოფელი მდებარეობს. სოფელში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. სოფლის მაცხოვრებლებს შორის ქართველის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ, თუმცა თუ ძალიან მოინდომებთ, ყველა მიგასწავლით გზას ჯერ სკოლისკენ, შემდეგ კი პატარა, ერთსართულიანი სახლისკენ, ლამაზი ეზოთი და მოხატული კარ-ფანჯრებით.
სახლში ლალი მარგიანი ცხოვრობს, ხოჯორნის საჯარო სკოლის სომხური სექტორის „ქართული, როგორც მეორე ენის“ პედაგოგი და სოფლის ერთადერთი ქართველი მოსახლე.
მის პატარა სახლში პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, უზარმაზარი ნახატია აივანზე. ნახატზე გამოსახულ გოგონას წითელი თმები და დაწინწკული სახე აქვს, ფეხზე კი ჭრელი წინდები აცვია. ალბათ, არავის გაუჭირდება, მასში მსოფლიოში ყველაზე მხიარული და ძლიერი გოგოს - პეპის - ამოცნობა, მაგრამ ძალიან ცოტა თუ მიხვდება, რა უნდა პეპის იქ, სადაც მას არავინ იცნობს.
ყველაფერი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა ლალი მარგიანი ხოჯორნის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მივიდა. ქართული ენის პედაგოგი სკოლაში თბილად მიიღეს და მანაც თავისი საქმიანობის შესრულება დაიწყო.
„სკოლაში და ზოგადად სოფელშიც ერთადერთი პრობლემა ქართული ენის არცოდნაა. როცა მოვედი, მოსწავლეები თითქოს საუბრობდნენ ქართულად, მაგრამ მხოლოდ დაზეპირებული ფრაზები იცოდნენ, უმრავლესობას კი საუბარი უჭირდა. გარდა ქართული ენის არცოდნისა, მოსწავლეები საქართველოს საერთოდ არ იცნობდნენ. აქ რომ ჩამოხვიდეთ,
იმწამსვე იგრძნობთ განსხვავებას დანარჩენ საქართველოსა და ხოჯორნას შორის, აქ თითქოს სულ სხვა საქართველოა“.
პირველი პროექტი სკოლაში ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელდა. პედაგოგმა მოსწავლეებს საქართველო გააცნო და შედეგად, კონკურსში „ეს საქართველოა“ მათმა ნამუშევარმა ჯილდო და შექება დაიმსახურა.
„შემდეგ იყო „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“, რომელიც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული არაქართულენოვანი სკოლებისთვის, მაგრამ მაინც გავბედე და მოსწავლეები ამ პროექტში ჩავრთე. თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ მოსწავლეებმა, რომლებმაც არაფერი იცოდნენ აფხაზეთის შესახებ და ვერ იგებდნენ, თუ რატომ სტკიოდა საქართველოს მისი დაკარგვა, საოცარი უნარები და შესაძლებლობები გამოავლინეს“.
შედეგად ისევ დაჯილდოება, სიხარული, წარმატება და... „ვილა ხოჟორნი“.
„პეპი ჩვენი ბავშვობის პერსონაჟია, ყველაზე მხიარული გოგონა და ყველაზე ბავშვური ბავშვი, რომელსაც დაბერება არაფრით არ უნდა. ამ ბოლო პუნქტით ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, სწორედ ამან გადამაწყვეტინა „ვილა ხოჟორნის“ შექმნა“.
„ვილა ყიყლიყოს“ ქართულმა ვარიანტმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაიწყო სიცოცხლე. თავდაპირველად, მოსწავლეებს სკოლაში უნდა ევლოთ, თუმცა არც თუ ისე სახარბიელო პირობების გამო, პედაგოგმა მათი სახლში მიწვევა გადაწყვიტა.
„თავიდან მართლა არ ველოდი, რომ ამდენი მოსწავლე მოვიდოდა, მაგრამ როცა ვნახე, თუ როგორ იმატა მათმა რაოდენობამ, საზაფხულო სკოლა იმ სახლში გავხსენი, სადაც ვცხოვრობ. კედელზე ნახატები და მხატვრობა ძირითადად სულ ჩემია, მოსწავლეები კი სახლის მორთვაში და დალაგებაში დამეხმარნენ“.
„ვილა ხოჟორნის“ მთავარ პრიორიტეტად ქართული ენის შესწავლა იქცა და მასწავლებლის სახლიდან სულ უფრო ხშირად ისმოდა ქართული სიმღერა და პოეზია.
„გვქონდა უამრავი აქტივობა, ვითამაშეთ ტელევიზობანა, გვესტუმრნენ ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი, სწავლობდნენ ქართულ ცეკვებს და თამაშობდნენ დამალობანას, დაჭერობანას. ერთი სიტყვით, სკოლას გამოცოცხლება დაეტყო და ამას მოსწავლეებიც ამბობენ.
აქ ცოტა სხვანაირი მენტალიტეტია, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაცების დამსხვრევას მოვახერხებთ“.
„ვილა ხოჟორნიმ“ საზაფხულო მუშაობა უკვე დაასრულა. შემაჯამებელი ღონისძიება სკოლაში გაიმართება და ეს იქნება ერთადერთი ღონისძიება სკოლის არსებობის მანძილზე, რომელიც მთლიანად ქართულ ენაზე ჩატარდება.
„მომავალ წელსაც ვრჩები სკოლაში, რადგან გეგმები მაქვს და მინდა ბოლომდე განვახორციელო. მანამდე კი მოსწავლეები დმანისსა და ტანძიაში უნდა წავიყვანო და საქართველო უკეთ გავაცნო“.
ახლა უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ საქართველოს უკიდურეს სამხრეთში მდებარე პატარა ხოჯორნაში პეპის ძალიან კარგად იცნობენ. ვინ იცის, იქნებ არც მათ მოუნდეთ დაბერება და იქნებ, ქართულადაც ამეტყველდნენ.
იმ სხვა საქართველოში ხომ საქართველოს მომავალი ცხოვრობს...
იხილეთ ფოტოები