როდესაც სკოლის ხელმძღვანელი სისტემის მთავარ გამოწვევებზე ღიად საუბარს იწყებს, დიალოგი ფორმალურ ინტერვიუზე მეტი ხდება. ეს არის ერთგვარი მანიფესტი ადამიანისა, ვისთვისაც მშობლიური სკოლა მხოლოდ სამუშაო ადგილი კი არა, ცოცხალი ორგანიზმია.
აქ არ არსებობენ „რჩეულები“ - ქედის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლაში მთავარი ღირებულებაა მოსწავლე, რომელსაც უსულგულო ქულების ნაცვლად დირექტორი გოჩა გათენაძე ისე უდგას მხარში, როგორც თანატოლს და ღიად უცხადებს, რომ შეცდომა დანაშაული კი არა, განვითარების საფეხურია.
მაშ ასე, etaloni.ge-ს ზვარეს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, გოჩა გათენაძე ყველა აქტუალურ საკითხზე ესაუბრება, ინტერვიუს კი მეთორმეტეკლასელებისთვის გზის დალოცვით იწყებს:
- ... მალე ბოლო ზარი დაირეკება საქართველოს სკოლებში და მსურს, ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვო მიზნების მიღწევა. ასევე ვუსურვებ, სწორად შეარჩიონ პროფესია, არ აყვნენ მოდას, აკეთონ საქმე, რომელიც გულით უყვართ და შედგნენ პროფესიონალებად, რამეთუ საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი თაობის ახალი იდეები.
- როგორც დირექტორმა, სასწავლო წელიც რომ შეაჯამოთ - კმაყოფილი ხართ მოსწავლეთა მიღწევებით?
- მე-12 კლასის მაგალითზე გეტყვით... ჩვენ გვაქვს ყოველკვირეული, ასე ვთქვათ, შეხვედრები, შეფასების ჯგუფი, კათედრები ვსაუბრობთ რა მიმართულებითაა საჭირო მეტი რესურსის გამოყოფა, მეტი მხარდაჭერა, სად გვაქვს მიღწევები და ერთ-ერთი გამოწვევა გახლდათ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა გაცდენები, რაც რეპეტიტორებთან გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარეობს. იცით, ცოტა ალბათ ჩვენი ბრალია, რადგან მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ სწორად, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას და სწორედ აქედან გამომდინარე, კათედრებათან ერთად გადავწყვიტეთ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მოგვებრუნებინა სკოლისკენ, ჩამოგვეშორებინა რეპეტიტორებს და მაქსიმალურად დავხარჯულიყავით - დარწმუნებული ვარ, ეროვნულ გამოცდებზე ისინი არანაკლებ შედეგებზე გავლენ. მიხარია, რომ შევძელით, ბავშვებამდე სწორად მიგვეტანა ინფორმაცია და მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომებით, ნელ-ნელა შევძლებთ, ისინი სკოლაში დავაბრუნოთ.
- აქამდე რა იყო ხელისშემშლელი, სკოლებმა ბავშვები რომ ვერ „დაიბრუნეს“?
- რამდენიმე კომპონენტი იყო - მათ შორის, მშობელი და ასევე ის, რომ არ ვსაუბრობდით არსებულ თუნდაც გამოწვევებზე, ნაკლებად ვამახვილებდით ყურადღებას პრობლემებზე… საჭირო იყო ერთგვარი „სარკე“, რომელიც რეალობას საღი მიდგომებით შეგვაფესებინებდა. ამიტომაცაა საჭირო, მასწავლებელი, მშობელი და ადმინისტრაცია ეთმუშტად იყოს შეკრული. მშობელი კი ერთგვარ ხელშემშლელად იმიტომ ვახსენე, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, მიაჩნიათ, რომ სკოლაში ვერ მიიღებს ბავშვი სათანადო ცოდნას, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბაროს. ჩვენ კი გვიჭირდა მათი დარწმუნება საპირისპიროში, მით უმეტეს, ავანგარდში მდგომ სკოლებში როდესაც ანალოგური ვითრებაა, მაღალმთიანი სოფლის მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვერ იცურებს დინების საწინააღმდეგოდ - უპირობოდ მივიღეთ ეს მოცემულობა და ამიტომაც აღვნიშნე ჩვენი ბრალეულობა.
- განათლების ხარისხი აქ არაფერ შუაშია, ბატონო გოჩა? განათლების მინისტრი და პრემიერი არცთუ იშვიათად აღნიშნავენ ამ პრობლემას და არც ის მგონია, რომელიმე მშობელს უხაროდეს ათასობით ლარის გადახდა რეპეტიტორისთვის, სკოლა სათანადო ცოდნას რომ აძლევდეს ბავშვს.
- გეთანხმებით... და ამაშიც ჩვენ ვართ დამნაშავე - იყო გარდამავალი პერიოდი, განათლების მიმართულებით ყველა აქტორი გადიოდა გამოცდას, რაღაცებმა ვერ გაამართლა, თუმცა ყველაფერი უპირობოდ არ უნდა მიგვეღო, უნდა გვეთქვა, სად გვაქვს გამოწვევები, რა შეგვიძლია, სკოლა რა შედეგებზე გადიოდა.... ამიტომაა აუცილებელი, ჩემი აზრით, მონიტორინგი.
- და ალბათ გამოცდების დაბრუნება სკოლებში - იქნება ეს გამოსავალი?
- თავისთავად! შეგნებულად ვატარებთ მეექვსე-მეცხრე კლასებში გამოცდებს, რაც მოსწავლეებმა წინასწარ იციან, ამიტომ უფრო მობილიზებულები არიან. გამოცდა გვაქვს იმიტომ, რომ გამოვცადოთ თავი და არა იმიტომ, რომ ჩასაფრებულნი ვართ, ვინმე კლასში ჩავტოვოთ, ან საშემოდგომო გამოვაყოლოთ.
- მოსწავლეთა ნიშნები მეტყველებს თუ არა სკოლის წარმატებასა და მასწავლებელთა პროფესიონალიზმზე?
- ზოგადად, არ ვემხრობი განმსაზღვრელ შეფასებას არც ერთ დონეზე და გეტყვით, რატომ - პირადად დამიწერა მასწავლებელმა დაბალი შეფასება უმნიშვნელო შეცდომის გამო.
- ტრავმა იყო, ხომ?
- უდავოდ! დიდი ტრავმა და რბოლაში მონაწილეობა ნიშნისთვის... დღესაც მიმაჩნია, რომ განმავითარებელი შეფასება ბევრად ეფექტურია - ზუსტად იცის ბავშვმაც და მასწავლებელმაც, რა ნაწილშია მეტი მუშაობა საჭირო და რა არის ძლიერი თუ სუსტი მხარეები. არის მოსწავლეთა კატეგორია, რომელიც სტაბილურად იღებს 7-8 ქულას და ჰგონია, რომ ესაა მაქსიმუმი. მას ვერ წარმოუდგენია, რომ შეილძება 10 ქულა მიიღოს და ამ დროს დიდი პოტენციალი აქვს.
- ალბათ, არც მედლების მომხრე იქნებით...
- ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს, თუმცა ობიერქტურობის შენარჩუნება ყველა საკითხში უმნიშვნელოვანესია. წარმოიდგინეთ, ორი საუკეთესო გუნდი იბრძვის გამარჯვებისთვის - ერთი იმარჯვებს და ბედნიერია, მეორე კი მარცხდება - ეს უარყოფითად მოქმედებს მოტივაციაზე. მქონდა შემთხვევა, როგორც დირექტორმა, შეცდომა დავუშვი - დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს სიგელი არ გადავეცი, სწავლაში გარკვეული ხარვეზების გამო. მის კლასში სწავლობდა ჩემი შვილიც, რომელმაც 15 სექტემბერს, როდესაც ყველას უხარია სკოლაში მისვლა, გამოაცხადა, რომ სკოლა არ უნდოდა. მაშინ მივხვდი, რომ სიგელი ყველას უნდა ჰქონდეს, თუმცა ხარისხები შეიძლება განსხვავდებოდეს. ისე კი კარგია, რომ მანკიერი პრაქტიკა - „რა ლამაზი ხარ“, „რა კარგი გოგო/ბიჭი ხარ, მოდი მაღალ ქულას დაგიწერ“ - აღარ არსებობს...
- ფავოროტიზმზე საუბრობთ, რაც კიდევ ერთი დემოტივატორია ბავშვებისთვის...
- 21 პედაგოგი გვყავს და მათგან 14-ს წამყვანის სტატუსი აქვს, რაც უდავოდ საამაყოა... მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში მსგავსი საკითხები არ დგას - ერთმანეთში შეიძლება აღვნიშნოთ, ესა თუ ის მოსწავლე რა მიმართულებითაა ძლიერი, როგორი ნიჭიერია და ა.შ. თუმცა საჯაროდ, თანატოლების თანდასწრებით, გამორიცხულია ბავშვები გამოვარჩიოთ - მათ იციან, რომ ყველა თანაბრად გვიყვარს. ლიდერობამაც დღეს განსხვავებული დატვირთვა შეიძინა - არ ისწავლო, რადგან სხვაგვარად კარგი ბიჭი ან კარგი გოგო არ იქნები - ეს აზროვნება აღმოფხვრილია.
- გქონიათ მოსწავლეობისას ამ მხრივ უთანხმოება თანატოლებთან?
- დიახ, უთანხმოება მქონდა კლასელთან, რომელსაც ვუთხარი, დავალება მოამზდე-მეთქი. მიპასუხა, არც მე დავწერ და არც შენ მიუტან მასწავლებელს შენს დავალებასო. რა თქმა უნდა, ამან იქონია გავლენა და არ ვაჩვენე შესრულებული დავალება პედაგოგს....
- 14 წამყვანი მასწავლებელი გვყავსო, მითხარით... ეს პრესტიჟია სკოლისთვის? ზოგადად, უნდა აბარებდნენ პედაგოგები საგნის გამოცდას?
- კომპლექსური საკითხია - გამოცდა უნდა იყოს, მაგრამ არა ჩასაფრების პოზიციიდან. გარდა ამისა, უნდა იყოს მოსამზადებელი პერიოდები, ტრენინგები...
- ხომ ტარდება ტრენინგები? თუმცა მასწავლებელთა შორის გამოცდების წარმატების მაჩვენებელი არცთუ მაღალია...
- სამართლიანი შენიშვნაა, თუმცა... მე ისტორიკოსი ვარ და საგნის სპეციალისტს შეუძლია დამისვას ისეთი კითხვები, რომელთაც ვერ ვუპასუხებ, ისევე, როგორც მეც შემიძლია დავსვა ასეთი კითხვები... ამიტომ ვამბობ, მნიშვნელოვანია, რომ გამოცდა არ ჩატარდეს ჩასაფრებული პოზიციიდან.
- თავად ჩაბარებული გაქვთ გამოცდა?
- საგნის გამოცდა ჩაბარებული მაქვს - უფროსი მასწავლებელი ვარ, თუმცა პროფესიული უნარების ტესტირებაზე კომპეტენცია დადასტურებული არ მაქვს და ამაში არავის ვადანაშაულებ - რაღაც დავაკელი, რაღაც ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭირო იყო... ემოციური ფონიც გასათვალისწინებელია.
- იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც ისაუბრეთ - გვაქვს საქართველოში პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტი?
- არ მიმაჩნია, რომ ეს გამოწვევაა, უფრო დასაფიქრებელი ისაა, პედაგოგიური მიმართულებით, უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა მინიმუმამდე რომაა შემცირებული.
- ეს ალბათ იმიტომ, რომ, როგორც სფეროში ჩახედულნი ამბობენ, მასწავლებლის შრომა დაუფასებელია. ასეა ნამდვილად?
- საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მასწავლებლის შრომა ასე თუ ისე, დაფასებულია.
- დირექტორის შრომა, ბატონო გოჩა?
- დირექტორია პასუხისმგებელი ყველაფერზე და პასუხი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის ყველა კითხვაზე... გარდა ამისა, არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც პირადი რესურსით გვიწევს, რადგან ისევ და ისევ, მოსწავლეთა ინტერესები უზენაესია - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ბავშების სასკოლო ცხოვრება იყოს პროდუქტიული და მრავალფეროვანი. ასე რომ პატარა სკოლებში არის გამოწვევები და ბევრი მოსაგვარებელი საკითხი.
- ასეთ დროს ხომ არ ნანობთ ხოლმე პროფესიულ არჩევანს? რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?
- 2019 წლიდან ვარ არჩეული დირექტორი 2003 წლიდან ვემსახურები პედაგოგიურ საქმიანობას, არჩევანი კი განაპირობა ერთ კონკრეტულ საგანში მასწავლებლის შექებამ, როდესაც მითხრა - რაიონულ დონეზე შენ უნდა გვასახელოო. მაშინ ვთქვი, რომ ვიქნებოდი ისტორიის მასწავლებელი. რაც შეეხება სინანულს, არასოდეს მიფიქრია, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი მაშინ, როდესაც ნაკლებად პოპულარული იყო მამაკაცი მასწავლებლები. ჯერ კიდევ სტუდენტმა, მშობლიურ სკოლაში დავიწყე მასწავლებლობა, ამ წლებში ბევრი რამ ვისწავლე და ასე, ერთად გავიზარდეთ მე და ზვარეს საჯარო სკოლა, ქედაში.