
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის IIIგ კლასში, ერთ ჩვეულებრივ დღეს ქართულის გაკვეთილი ზღაპრად გადიქცა.
არჩილ სულაკაურის მოთხრობა - „სალამურა“ ბავშვების ხელში პატარა სცენად იქცა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ადგილი და ხმა იპოვა.
თოჯინები მათივე ფანტაზიით შეიქმნა - ქაღალდზე დახატული და ზოგ შემთხვევაში ამობეჭდილი გმირები ხის ჯოხებზე დამაგრდა და ასე დაიბადა პატარა, მაგრამ გულწრფელი თეატრი. თითოეულმა ბავშვმა თავისი პერსონაჟი გააცოცხლა: მოძრაობით, ხმით, ემოციით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლასში სითბო და ერთიანობის განცდა ტრიალებდა - ყველა მონაწილეობდა, ყველა იყო მნიშვნელოვანი. სპექტაკლის შერჩევა და შექმნის პროცესი ერთობლივი იყო. იდეა ერთად დაიბადა, ხოლო მისი განხორციელება ბავშვების ხელითა და გულით მოხდა.
მასწავლებელი, ეკატერინე იაშვილი, ამ პროცესში იყო როგორც ბავშვების იდეების მხარდამჭერი და ორგანიზატორი - უხილავი დირიჟორი, რომელიც მათ შემოქმედებას სწორ მიმართულებას აძლევდა.
„ასეთი აქტივობები, მრავალმხრივ ავითარებს ბავშვებს - აძლიერებს მათ შემოქმედებით აზროვნებას, მეტყველების უნარსა და ემოციურ გამოხატვას; უყალიბებს თანამშრომლობის, პასუხისმგებლობისა და ერთმანეთის მოსმენის კულტურას. ამ პროცესში ისინი სწავლობენ არა მხოლოდ ტექსტის გააზრებას, არამედ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენასაც. ეს პატარა თოჯინების თეატრი მხოლოდ წარმოდგენა არ ყოფილა - ეს იყო თანამშრომლობისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, და, რაც მთავარია, ეს იყო დღე, როცა ბავშვებმა კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ მათ შეუძლიათ - შექმნან, გააცოცხლონ და გაანათონ საკუთარი პატარა სამყარო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ასეთი შემოქმედებითი ღონისძიებების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: