ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან, ამასთან უმაღლესი უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგთა მომზადებასა და გადამზადებას სპეციალური ტრენინგ-მოდულებით - აქტივობები იმ მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც უნივერსიტეტსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა.
შეთანხმების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ბაგა-ბაღებში. აღნიშნული შეთანხმება სტუდენტებს მისცემს რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის გამოყენებისა და პროფესიული კომპეტენციის განვითარების საშუალებას.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სკოლამდელი სექტორის განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგთა მომზადებასა და გადამზადებას სპეციალური ტრენინგ-მოდულების ფარგლებში, ასევე მათ ჩართულობას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში.
მხარეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლამდელი განათლების სისტემის გაძლიერების მიმართულებით.