დამტკიცდა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი წესი - მინისტრის ბრძანება პროფესიული განათლების პედაგოგებს ეხება
17-03-2026

16 მარტს საკანონმდებლო მაცნეზე გამოაქვეყნდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრზანება, რომელიც პროფესიული განათლების პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს.

სრული დოკუმენტი

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის განისაზღვრება ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

3. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ამ წესით.

4. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს დარგის/მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოდულის სტანდარტული ჩანაწერებით.

5. ძირითადი და მოწვეული მასწავლებლის პოზიციებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს დაწესებულების მიერ.

6. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო, ასევე სასურველი.

პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ საქმიანობის დაწყება

1. ძირითადი მასწავლებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკვე დადასტურებული აქვს პროგრამის გავლა.

2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლამდე/გავლის დადასტურებამდე დაწესებულება ძირითად მასწავლებელს ხელშეკრულებას უფორმებს არაუმეტეს 18 თვის ვადით.

3. დაწესებულება უფლებამოსილია ძირითად მასწავლებელს დაასრულებინოს მოდულის განხორციელება, რომლის განხორციელებაც დაწყებული აქვს. ძირითადი მასწავლებელი, რომელიც 18 თვის გასვლის შემდგომ პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დადასტურებას ვერ შეძლებს, მას ეზღუდება საქმიანობის გაგრძელება იმავე ან სხვა დაწესებულებაში აღნიშნული პროგრამის გავლის დადასტურებამდე.

4. დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 46-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.

5. დაწესებულებას არ აქვს უფლება, ერთი პროგრამის ფარგლებში ჰყავდეს მხოლოდ მოწვეული მასწავლებლები.

6. მოწვეული მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს პროგრამის/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენცია პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიმართულებით დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმით. ასევე, აქვს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში გაიაროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა.

7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დუალური სწავლების ფორმით განხორციელებისას, ინსტრუქტორი ვალდებულია სწავლების დაწყებამდე უზრუნველყოს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამის გავლა ან შესაბამისი კომპეტენციების დადასტურება სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

8. პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირის სტატუსის მოპოვებამდე ან მის შემდგომ, ნებისმიერ დროს გაიაროს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა ან პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა.

9. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას, ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების მასწავლებელზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203