
თათია კვიციანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის პედაგოგია რომელიც მოსწავლეებს საგანთან ერთად ღირებულებებს ასწავლის.
etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი საუბრობს იმ უნარებსა და გარემოებებზე, რომლებიც მოსწავლის წარმატების საფუძველს ქმნის: მასწავლებლისა და მშობლის მხარდაჭერა, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა.
მისი თქმით, სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება, კრიტიკული აზროვნება და მიზნისკენ სწრაფვის უნარი - სწორედ ის თვისებები, რომლებიც მომავალში წარმატებული და პასუხისმგებლიანი ადამიანის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც.. .
- ვაძლევთ საშუალებას გამოხატოს საკუთარი აზრი და მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, ვეხმარებით შეცდომების აღიარებასა და გამოსწორებაში, ასე სწავლობს ბავშვი იმას, რომ მისი ქმედება მნიშვნელოვანია და წარმატების ნაწილიც.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მასწავლებლისა და მშობლის მხარდაჭერა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, ცოდნისადმი ინტერესი, საკუთარი თავისადმი რწმენა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ცხოვრებისეულ გამოცდილებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, კრიტიკულ აზროვნებას, მიზნისკენ სწრაფვას.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობრობა ასწავლის მათ თანადგომას, პატივისცემას, ნდობას, თანამშრომლობას, ერთმანეთის მხარდაჭერით წარმატების მიღწევა უფრო მარტივი ხდება.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე ხალისით ერთვება სასწავლო პროცესში, როცა გაკვეთილები სახალისო, შემოქმედებითი და მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული, როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთად ქმნიან მეგობრულ, საინტერესო გარემოს.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- დედამ, რომელიც თავად არის პედაგოგი და მისი პირადი მაგალითი, საქმისადმი დიდი სიყვარული ყოველთვის მაძლევდა მოტივაციას ამ გზის არჩევაში.