„მასწავლებლობა საუკეთესო შესაძლებლობაა უკეთესი გახადო სამყარო“- თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე
04-03-2026

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით პირადი მაგალითით“, - აღნიშნავს თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში და განათლების თანამედროვე ხედვებსა და სკოლის მისიაზე საუბრობს.

დირექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მასწავლებლის როლზე, როგორც მისაბაძ ფიგურაზე, რომლის პროფესიული ეთიკა, შრომისმოყვარეობა და ემპათია მოსწავლეებში ნდობასა და მოტივაციას აყალიბებს. მისი შეფასებით, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტია თანამშრომლობა, თანმიმდევრულობა, შრომა და თავდაჯერებულობა, ხოლო სკოლამ მოსწავლეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება უნდა მისცეს.

-მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

-მოსწავლის პასუხისმგებლობა გულისხმობს სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას, დისციპლინის დაცვას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე ზრუნვას და სკოლის შინაგანაწესის პატივისცემას. იგი ვალდებულია პატივი სცეს მასწავლებლებსა და თანატოლებს, მოემზადოს გაკვეთილებისთვის და იზრუნოს სასკოლო გარემოზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს:

  • აკადემიური პასუხისმგებლობა: გაკვეთილებზე დასწრება, დავალებების დროულად შესრულება და ცოდნის შეძენაზე ორიენტირება;
  • დისციპლინა და ქცევა: სკოლის შინაგანაწესის დაცვა, გაკვეთილზე ყურადღებით ყოფნა და აკადემიური კეთილსინდისიერება;
  • სოციალური პასუხისმგებლობა: თანაკლასელებთან და პედაგოგებთან პატივისცემით ურთიერთობა, ბულინგისგან თავის შეკავება;
  • გარემოზე ზრუნვა: სასკოლო ქონების გაფრთხილება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოსწავლის პასუხისმგებლობა ასევე გულისხმობს საკუთარი უფლებების გააზრებასა და მათ შეთავსებას მოვალეობებთან, რაც ხელს უწყობს უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნას.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მასწავლებლის პირადი მაგალითით,  რომელიც ეფუძნება პროფესიულ პატიოსნებას, შრომისმოყვარეობას, ემპათიასა და მუდმივ განვითარებას. მასწავლებელი თავად უნდა იყოს მისაბაძი ქცევით, პუნქტუალურობით, ეთიკითა და ცოდნისადმი სიყვარულით, რაც ბავშვებში ნდობასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას აყალიბებს.

-მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

-მოსწავლის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია  მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთთანამშრომლობა, კოოპერაცია  ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რაც თავის მხრივ სამუშაოს შესრულების პროცესში თანამონაწილეობას გულისხმობს.

წინსვლისაკენ მოტივაცია გვიბიძგებს, მაგრამ დისციპლინა აჩქარებს განვითარების პროცესს.  

სასურველ მიზანს რომ მივაღწიოთ და ვიყოთ წარმატებულები ბევრი შრომაა საჭირო, მოთმინება  კი ის თვისებაა, რომელიც წარმატების მიღწევაში გვეხმარება.

წარმატებისაკენ სავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვაც მოგვიწევს და თანმიმდევრულობა გვჭირდება.

თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევის გასაღებია და მცირე მარცხს არ უნდა მივცეთ უფლება გააფუჭოს მთავარი მიზანი, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

-თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამის ისეთ განათლებას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული ღირებულებების მატარებელი, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას.

-მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

-მოსწავლეთა შორის ურთიერთსწავლება ზრდის ჩართულობას, პასუხისმგებლობას და აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას, რადგან მოსწავლეები მასალას უფრო მარტივად და გასაგებ ენაზე უხსნიან თანატოლებს. გამომდინარე აქედან კი უმნიშვნელოვანესია მეგობრობა მოსწავლეთა შორის ვინაიდან სწორედ მეგობრობა გულისხმობს ერთგულებასა  და მხარდაჭერას, მუდმივ მზადყოფნას, დაგეხმაროს ნებისმიერ სიტუაციაში.

გულწრფელობასა  და სანდოობას, ემოციურ საყრდენს:- ადამიანს, რომელიც გიგებს და გაფასებს,

სიხარულის გაზიარებას: ის, ვისაც  გულწრფელად უხარია შენი წარმატება

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

-ეფუძნება ინტერაქტიულ და პერსონალიზებულ მიდგომებს, რომელიც ადაპტირებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე და აერთიანებს თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებს, რაც ზრდის მოტივაციას და ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას. ის გულისხმობს მრავალფეროვან გაკვეთილებს, რომლებიც აცდენილია ტრადიციულ „დაფასთან გამოკითხვის“ ფორმატს.

-უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

-ეფექტური კამუნიკაციის უნარები, ეთიკურობა და პატივისცემა, ლიდერობა და პასუხისმგებლობა, კოლაბორაცია, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტა.

-ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

-ჩემი პროფესიის არჩევაზე გავლენა მოახდინა ჩემმა ოჯახმა, მშობლიურმა სკოლამ და ღირსეულმა, ამაგდარმა  მასწავლებლებმა.

მასწავლებელს ოთხი ძირითადი ფუნქცია აქვს: საგანმანათლებლო, განმავითარებელი, აღმზრდელობითი და საზოგადოებრივ -პედაგოგიური.

მასწავლებლის პროფესია არის უდიდესი პასუხისმგებლობა:  აღზარდოს მოსწავლე და ჩამოაყალიბოს სრულფასოვან, ღირსეულ პიროვნებად, ამავდროულად კი საუკეთესო შესაძლებლობაა უკეთესი გახადო სამყარო.....

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203