
განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, როგორ ჩაირიცხებიან აბიტურიენტები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით. გამონაკლისია „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს და სპორტის დეტალური სფეროს პროგრამები“.
როგორ გამოანგარიშდება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა? - ბრძანებაში ვკითხულობთ:
„პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა და მიღებული სხვაობა ემატება ამ პროგრამაზე 2026 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობას“.
რაც შეეხება კომპეტენციის ზღვარს პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვისას, ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელებმა უნდა მოაგროვონ საგანში გამსვლელი მინიმალური ქულების ნახევარი და მეტი:
„საგანში აბიტურიენტის მიერ გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახევარზე მეტს“.
ეს რეგულაცია შარშან მოქმედი რომ ყოფილიყო, როდესაც მაგალითად ქართულის გამოცდაზე, ტესტის მაქსიმალური ქულა 60, მინიმალური ზღვარი კი 25 პროცენტი, ანუ 15-ზე მეტი ქულა გახლდათ, პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხ აბიტურიენტებს, ქართულში 7.5-ზე მეტი ქულა უნდა მოეგროვებინათ (რადგან ამ ეტაპზე უცნობია 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, კონკრეტული ქულების გამოთვლა შეუძლებელია).