
„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გამოცდილებას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, მეგობრობას“- აღნიშნავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლალი წულაია და etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში სკოლის მისიაზე საუბრობს.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ერთ დღეში არ ისწავლება, ვალდებულებების გააზრებაში მოსწავლეს პრაქტიკა და თანმიმდევრული მიდგომა ეხმარება.
როგორც თავად ამბობს, პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა ბავშვების სიყვარულმა მოახდინა, დღეს კი საკუთარ საქმეს გულანთებული ემსახურება და წვლილი შეაქვს განათლებული და ღირსეული მომავალი თაობის ფორმირებაში.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- პასუხისმგებლობა ერთ დღეში არ ისწავლება, არ ისწავლება სიტყვებით. პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ დავალების მიცემას და მოვთხოვოთ როგორ შეასრულა ის.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის უნარი, კულტურა.
-სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- გამოცდილებას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, მეგობრობას.
-მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
-ცხოვრება ლამაზი და მრავალფეროვანი, რომ ჰქონდეთ ნდობა, პატივისცემა, ურთიერთგაგება აუცილებელია.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- როდესაც საგაკვეთილო პროცესი მასწავლებელს მოწესრიგებული აქვს.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- კრიტიკული აზროვნება, მოსწავლეს უნდა შეეძლოს წაკითხულის გააზრება, დროის მართვა, კომუნიკაცია და დისციპლინის დაცვა.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ბავშვების სიყვარულმა და ურთიერთპატივისცემამ, პასუხისმგებლობამ. მიყვარს როდესაც მოსწავლეს და მასწავლებელს ეს თვისებები კარგად აქვს ჩამოყალიბებული.