
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურება.
მისთვის სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვები საგნებთან ერთად ცხოვრებას სწავლობენ. პასუხისმგებლობის გრძნობა, ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა, წარმატებისკენ სწრაფვა კი ის ფასეულობებია, რომელთა გაძლიერებაზეც სკოლის დირექცია ყოველდღიურად ზრუნავს.
სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლის პიროვნული განვითარება იწყება მაშინ, როცა პასუხისმგებლობის მაგალითებს სკოლაშივე ხედავს. სწორედ ასეთი გარემო ქმნის მოტივაციას და ხელს უწყობს მოსწავლეების სრულფასოვან ჩამოყალიბებას.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- თითოეული ჩვენგანის ღირებულება პასუხისმგებლობით განისაზღვრება. მოსწავლეებს სკოლაშივე უნდა ვაჩვენოთ პასუხისმგებლობის მაგალითები... ოჯახის, სკოლის, სამშობლოს წინაშე.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- გარემო ფაქტორი, თუ როგორი ურთიერთობაა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და თვითრეალიზებას.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ღირებულებით განათლებას, რადგან სკოლა ის ადგილია სადაც ცხოვრებაა და არა იზოლირებული ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ აკადემიურ განათლებას ეუფლებიან, არამედ მოსწავლეებს შეუძლია რეალურ ცხოვრებას გაეცნონ.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობრობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებაში თავის დამკვიდრება...
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- საგაკვეთილო პროცესი სწავლა-სწავლების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ასევე თითოეული მოსწავლის შესაძლებლობაც არის გათვალისწინებული.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- უნდა ფლობდეს კვლევისა და სწავლის უნარს.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ბავშვების სიყვარულმა და ჩემმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა.