
მოსწავლეთა აკადემიური პროგრესი და მომავალი ხშირად დამოკიდებულია იმაზე, როგორ აფასებენ მათ ცოდნას სკოლაში. სხვადასხვა ქვეყანაში მოსწავლეთა ცოდნა სტანდარტიზებული გამოცდებით ფასდება, რაც განსაზღვრავს საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობას და სამომავლო განათლების მიმართულებას.
ბრიტანელი მოსწავლეები საგამოცდო მარათონში სკოლაშივე ერთვებიან, საფრანგეთში სკოლის საბაზო საფეხურის დამასრულებელი გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის აკადემიურ პროფილს, გერმანიაში სკოლის შიდა შეფასებები პირდაპირ აისახება განათლების შემდგომ ტრაექტორიაზე, ჩინეთსა და კორეაში კი სასკოლო ცენტრალიზებული გამოცდები მოსწავლეებს მუდამ თან სდევთ.
რა გამოცდებს აბარებენ ბრიტანელი მოსწავლეები?
ბრიტანული განათლების სისტემა ოთხი საკვანძო ეტაპისგან შედგება. თავიდან ბავშვები დაწყებით სკოლაში სწავლობენ, შემდეგ საშუალო სკოლაში გადადიან, რასაც მოსდევს უმაღლესი სკოლა და უნივერსიტეტისთვის მომზადება. თითოეულ ეტაპს თან ახლავს თავისი გამოწვევები.
პირველ სერიოზულ გამოცდას ბრიტანელი მოსწავლეები 15-16 წლის ასაკში აბარებენ. GCSE (General Certificate of Secondary Education) - წარმოადგენს ტესტურ გამოცდას და ნამდვილი საგამოცდო მარათონია. ჩვეულებრივ ამ გამოცდას მოსწავლეები მე-11 კლასის ბოლოს აბარებენ და სავალდებულო განათლების ფინალურ ეტაპს წარმოადგენს. გამოცდა გამოირჩევა მასშტაბურობითა და სირთულით.
სავალდებულო საგამოცდო საგნების სია შემდეგია:
ინგლისური ენა (ზოგიერთ შემთხვევაში, ლიტერატურაც);
მათემატიკა;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (შესაძლებელია ამორჩევა კომბინირებული კურსის ან ცალკეული საგნების: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია);
უცხოური ენა;
ჰუმანიტარული დისციპლინები (ისტორია ან გეოგრაფია).
ამას ემატება არჩევითი დისციპლინა: ფსიქოლოგიიდან - ინჟინერიამდე, ბიზნესიდან - ხელოვნებემდე. საშუალოდ, მოსწავლე 9-10 საგანს გადის. ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში შეთავაზებულია შედარებით თავისუფალი არჩევანი, მაგრამ საბაზო მიმართულებები რჩება. GCSE უმაღლესი სკოლის ბილეთია. მისი კარგად ჩაბარების შემთხვევაში საუკეთესო კოლეჯების კარი ხსნილია.
შემდეგი გამოცდაა A-LEVELS, რომელიც უნივერსიტეტში ჩასარიც გამოცდას წარმოადგენს.
A-levels (Advanced Level)-ს მოსწავლეები 17-18 წლის ასაკში აბარებენ. ეს უკვე არა უბრალოდ გამოცდა, არამედ უმაღლესი განათლების საშვია. სწორედ A-levels-ის შედეგები განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა ახალგაზრდა ოქსფორდში, კემბრიჯში ან სხვა უნივერსიტეტში.
ხანდახან A-levels-ის ნაცვლად მოსწავლეები ირჩევენ პროგრამას International Baccalaureate (IB) - უფრო ფართომასშტაბიან და აკადემიურად მდიდარ ალტერნატივას, რომელიც აერთიანებს 6 საგანს და მოიცავს ესეს, შემეცნების თეორიის კურსს და მოხალისეობრივ პროექტებს. IB-ს მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტები აღიარებენ და მას აბარებენ ისინი, ვინც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას გეგმავს ან ჯერ არ გადაუწყვეტია მომავალი პროფესია.
გარდა GCSE-სა და A-level-ისა, კერძო სკოლებში (ჩვეულებრივ 11 ან 13 წლის ასაკში) არსებობს მისაღები და შუალედური გამოცდები. ასევე CAT (Cognitive Abilities Test) - კოგნიტური უნარების ტესტი, რომელიც სკოლას ეხმარება მოსწავლეები საშუალო საფეხურზე ჯგუფებში გადაანაწილოს. ასევე ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში არსებობს შიდა გამოცდები და ტესტები მოსწავლეთა პროგრესის შესაფასებლად.

საფრანგეთის განათლების სისტემა ერთ-ერთია ევროპაში, სადაც სკოლის შიდა შეფასება და ეროვნული გამოცდები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებას ახლავს როგორც მიმდინარე შეფასებები, ასევე ცენტრალიზებული შემაჯამებელი გამოცდები.
სასკოლო საფეხურები საფრანგეთში შედგება - École primair - დაწყებითი სკოლისგან (6–11 წელი), Collège – საბაზო სკოლა (11–15 წელი), Lycée საშუალო სკოლისგან (15–18 წელი). ყოველ საფეხურზე შეფასების განსხვავებული სისტემა მოქმედებს.
საბაზო სკოლის დამთავრებისას ფრანგი მოსწავლეები, ეროვნულ ცენტრალიზებულ გამოცდას - Brevet აბარებენ.
გამოცდა მოიცავს ფრანგულ ენას, მათემატიკას, ისტორიას/გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებას, ზეპირ პრეზენტაციას.
Brevet არ არის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდა, მაგრამ ადასტურებს საბაზო განათლების დასრულებას და გავლენას ახდენს Lycée-ში აკადემიურ მიმართულებაზე. ფორმალურად ლიცეუმში ჩაბარება Brevet-ზე არის დამოკიდებული. თუმცაღა ამ გამოცდაში წარუმატებლობა არ წყვეტს მოსწავლის მომავალს. მაგრამ Brevet-ის შედეგები გამოიყენება მოსწავლის აკადემიური პროფილის შესაფასებლად და იძლევა რეკომენდაციას, რომელი ტიპის ლიცეუმში გააგრძელებს მოსწავლე სწავლას. ამ გამოცდაში დაბალი შეფასება ხშირად ნიშნავს, რომ მოსწავლეს ურჩევენ პროფესიულ ლიცეუმს.
Lycée-ში გადასვლის შემდეგ მოსწავლეები ეტაპობრივად ემზადებიან საბოლოო ეროვნული გამოცდისთვის. Baccalauréat – სკოლის დამამთავრებელი გამოცდაა და საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული გამოცდას წარმოადგენს.
მოსწავლეები აბარებენ ფრანგული ენას, ფილოსოფიას, არჩევით საგანს სპეციალიზაციის მიხედვით - მათემატიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ჰუმანიტარულ დისიპლინებს.
Baccalauréat ასრულებს საშუალო განათლებას და იძლევა უნივერსიტეტში ჩაბარების უფლებას.
გერმანიის განათლების სისტემა ფედერალურია, შესაბამისად მიდგომები სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე განსხვავებულია.
სასკოლო საფეხურები გერმანიაში სამი ეტაპისგან შედგება - Grundschule – დაწყებითი სკოლა (1-ელი - მე4 კლასი, ზოგ ფედერალურ მიწაზე 1-ელი-მე-6), Sekundarstufe I – საბაზო საფეხური, Sekundarstufe II – საშუალო/ზედა საფეხური (დამამთავრებელი ეტაპი). საფეხურიდან საფეხურზე გადამსვლელი ცენტრალიზებული გამოცდები არ არსებობს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის აკადემიურ პროფილს.
საბაზო საფეხურზე (Sekundarstufe I) მოსწავლეები აბარებენ შიდა სასკოლო გამოცდებს, ტესტებს. ტარდება რეგულარული წერითი საკლასო სამუშაოები, ამ საფეხურის შემდეგ გაიცემა შუალედური დამამთავრებელი სერტიფიკატები. ამასთან მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა დონის სერტიფიკატს. ეს სერტიფიკატები განსაზღვრავს შეუძლია თუ არა მოსწავლეს გადასვლა ზედა საფეხურზე.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში შეფასება ძირითადად შიდაა, საბოლოო დამამთავრებელი გამოცდა - Abitur მკაცრად სტანდარტიზებულია და უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობას იძლევა.
გამოცდები ჩინელ მოსწავლეებს თან სდევთ მთელი სასწავლო გზის განმავლობაში.

წელიწადში ორჯერ სკოლაში ტარდება „სიუკაო“ - ძირითადი საგნების ცოდნის შემოწმებელი გამოცდა.
უმცროსი საშუალო სკოლის ბოლოს იმართება „ჟუნგკაო“ - მნიშვნელოვანი გამოცდა, რომლის შედეგზეც დამოკიდებულია, შეძლებს თუ არა მოსწავლე უფროს საშუალო სკოლაში მოხვედრას.
თუმცა მთავარი გამოცდა არის „გაოკაო“ - ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გამოცდა მსოფლიოში. ის რამდენიმე დღე გრძელდება და მოიცავს ჩინურ ენას, მათემატიკას, ინგლისურსა და არჩევით საგნებს. მრავალი ახალგაზრდისთვის სწორედ ეს გამოცდა წყვეტს ყველაფერს - რომელ უნივერსიტეტში ისწავლის და როგორი მომავალი ექნება.
იხილეთ ასევე: „სამდღიანი ჯოჯოხეთი“ - როგორ აბარებენ ჩინეთის სკოლებში ეროვნულ გამოცდებს
გამოცდისთვის მზადება მთელი დამამათავრებელი წელი გრძელდება და ამ დროს სწავლას მოსწავლეები დღეში 16 საათსაც კი უთმობენ. ვინც „გაოკაოს“ მაღალ ქულებზე აბარებს, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოხვედრის შანსი ეძლევა. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ეს ხშირად სოციალური წინსვლის ერთადერთი შესაძლებლობაა.
გამოცდები სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია კორეელი მოსწავლეებისთვისაც. სამხრეთ კორეის სასკოლო სისტემა მსოფლიოში ცნობილია სიმკაცრითა და კონკურენტულობით. კარგ განათლებას აქ განსაკუთრებული წონა აქვს, ხოლო სასკოლო შეფასება და გამოცდები ახალგაზრდების მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
კორეულ სკოლებში ორი ძირითადი ტიპის გამოცდა არსებობს: საშუალო სკოლის გამოცდები და უნივერსიტეტში მისაღები ეროვნული გამოცდა.
კორეულ სკოლებში მოსწავლეები წელიწადში რამდენიმე ტესტს აბარებენ. ისინი ძირითადად სემესტრულ ცოდნას ამოწმებს და გავლენას ახდენს მოსწავლის საბოლოო შეფასებაზე.
ტესტირებისას მოსწავლეები აბარებენ კორეულ ენას, მათემატიკას, ინგლისურს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და სოციალურ მეცნიერებებს.
კორეულ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდა - Suneung, კი პირდაპირ განსაზღვრავს მოსწავლის მომავალს და სირთულით მთელ მსოფლიოში ცნობილია - იხილეთ - სამხრეთ კორეაში ეროვნული გამოცდების დღეს საგანგებო ვითარება ცხადდება - რა გზას გადიან სტუდენტები წარმატებამდე