„განათლებული ახალგაზრდები ქმნიან წარმატებულ საქართველოს, „ეტალონთან“ ერთად!“ - საგნობრივი ოლიმპიადის წლის მიმოხილვა და სამომავლო გეგმები
29-12-2025

ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად, ახალი წლის შემობრძანებას „ეტალონი“ მალე იზეიმებს, ამიტომ ტრადიცულად მცირე შეჯამების სახით, გვსურს, წარმოგიდგინოთ განვილილი, 2025 წელი.

სიახლეების კვალდაკვალ, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით მომავალი თაობის განათლების მიმართულებით და კიდევ ათასობით ახალგაზრდას გავუკვალეთ გზა წარმატებისკენ.

წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი, წარმატებაა, რასაც საფუძვლად დაედება ჯერ კიდევ მიმდინარე - 2025 წლის „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადების შეჯამება-ანალიზი.

ეს გახლავთ პროექტი, რომელმაც უმოკლეს ვადებში, უამრავი მოსწავლე შემოიკრიბა და თითოეულ მათგანს მისცა ცოდნის გამოვლენის საშუალება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ონლაინ-ფორმატმა ბევრად კომფორტული გახადა მონაწილეობა - თანამედროვე ტექნოლოგიებთან ახალგაზრდების ურთიერთობა, თითოეულ ჩვენგანს თამაშის საკუთარ წესებს კარნახობს და უდავოდ საამაყოა, როდესაც ტექნოლოგიების ინტეგრირება ცოდნის არსს კი არ აუფასურებს, პირიქით, გეხმარება, კვლავ მყარად იდგე ახალგაზრდების განათლების სადარაჯოზე - განახლებული ფორმატით, განახლებული პროექტებით მოაწყო „ეტალონური ცოდნის ზეიმი“, შემოიკრიბო ათასობით თანამოაზრე და ორი ათწლეულის შემდეგაც უდიდესი ენთუზიაზმით ჩაატარო საგნობრივი ოლიმპიადები, როგორც ეს „ეტალონმა“ უცვლელ წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად შეძლო.

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომით ტარდება.  

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად საჭირო აღარ არის ტესტის ფურცელზე შესრულება, ცალკე პასუხებისა თუ დამატებითი ფურცლების შევსება. შედეგი არის მყისიერი - მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე იგებს თავის შესაბამის ქულასა და დროს. ასევე, მყისიერად ენიჭება წარმატების სახელობითი ციფრული სიგელი. თითოეული ოლიმპიადის დასრულების შემდგომ კი, შეუძლია სრულად გადახედოს საკუთარ ტესტს და გააანალიზოს კითხვები. 

ტესტის სტრუქტურა კი მოსწავლეს საკუთარი, უნიკალური სტრატეგიის მოფიქრების შესაძლებლობას აძლევს - რომელ კითხვას უპასუხოს, რომელზე თავი შეიკავოს და რაც მთავარია, წარმატებით გამოიმუშაოს შეზღუდულ დროში გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი გახლავთ.

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ავლენს ჩემპიონთა ათეულებს თითოეულ საგანში, კლასების მიხედვით, რომელთაც სპეციალური ონლაინ დიპლომები ენიჭებათ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელებს - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული. მათ შესახებ, განათლების სამინისტროსა და შესაბამის სკოლაში, იგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები, რომელიც გახლავთ ოფიციალური დოკუმენტი მოსწავლის მიღწევების შესახებ. 

ოლიმპიადები ტარდება შემდეგ საგნებში:

› ქართული ენა და ლიტერატურა - ხელს უწყობს კლასის შესაბამისი ფაქტობრივი ცოდნის განსაზღვრა-გადამოწმებას, ასევე მსჯელობის, ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა და ლექსიკის ცოდნის ფუნქციურად გამოყენების უნარების განვითარებას;

› ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება - რომელიც მიმართულია მოსწავლეებში პრაგმატული, რაციონალური მსჯელობის, ასევე ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება-შემოწმებისაკენ;

› ინგლისური ენა - რომელიც შემოდგომაზე პირველად ჩატარდა და შედგებოდა უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების ფარგლებში აღიარებული 5 დონისგან:
1 - A1 Level (Beginner) - დამწყები 
2 - A2 Level (Elementary) - ენის საბაზისო ცოდნა
3 - B1 Level (Intermediate) - საშუალო დონე
4 - B2 Level (Upper-Intermediate) - საშუალოზე მაღალი დონე
5 - C1 Level (Advanced) - მაღალი დონე. 

› მათემატიკის ოლიმპიადა - კლასის შესაბამისი ცოდნის შემოწმება-გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნებისა და ცოდნის ეფექტურად გამოვლენას. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტესტებში გამოყენებული მასალა სრულად პასუხობს არსებულ საგნობრივ სტანდარტებსა და მიზნებს.

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულზე დაგიბრუნდებათ, მანამდე კი თქვენთან, ჩვენს ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად, ვაცილებთ ძველს და ვხვდებით ახალ - 2026 წელს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და რა თქმა უნდა, ჩვენი განათლებული, წიგნიერი, ცოდნასმოწყურებული ახალგაზრდებისთვის ფეხბედნიერი იქნება, რადგან „განათლებული ახალგაზრდები ქმნიან წარმატებულ საქართველოს, „ეტალონთან“ ერთად!

გილოცავთ 2026 წლის შემობრძანებას 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203