რა გაუქმდა, რა შემცირდა და რა ცვლილებები ვიხილეთ 2025 წელს განათლების სისტემაში - წლის მიმოხილვას ETALONI.GE გთავაზობთ
31-12-2025

2025 წელი საგანმანათლებლო სექტორისთვის სიახლეებით დატვირთული იყო. განათლების სამინისტრომ, მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები წარუდგინა საზოგადოებას, რომლის შედეგებიც ხანგრძლივ პერიოდში გამოჩნდება, თუ დაანონსებულ რეფორმებს სისრულეში მოიყვანენ. სტრატეგიებისა და კონცეფციების ცვლილების სიხშირით განათლების სამინისტრო დაგვეთანხმებით, გამორჩეულია და ამის  დასტურად წელს მიღებული გადაწყვეტილებებიც საკმარისია.

2026 წლის დადგომამდე, ერთად გადავავლოთ თვალი 2025 წელს: თუმცა, სანამ საგანმანათლებლო ცვლილებებზე მოგიყვებით, გეტყვით, რომ ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა - 2025 წელი ალექსანდრე წულაძის მინისტრობით დაიწყო, თუმცა გივი მიქანაძის მინისტრობით მთვარდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ხელმძღვანელთა ხშირი ცვლილება მგონი აღარავის გვიკვირს, ერთი მინისტრის მიერ მიღებული ცვლილებების, გაუქმებაც არ წარმოადგენს სიახლეს და ეს წელიც ამის კარგი მაგალითია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც წლის დასაწყისში გავიგეთ, ის იყო რომ საბაზო საფეხური 9 წლიანის მაგივრად 10 წლიანი გახდა, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ეს ცვლილებაც მოკლევადიანი აღმოჩნდა და საბაზო საფეხური ისევ 9 წლიანი გახდება. ასე წერია, ზოგადი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციაში, რომლის პრეზენტაციაც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარმოადგინა. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმეწლიანი თითქოს უმტკივნეულო ცვლილებების შედეგად წელს პირველად შევიდნენ სკოლაში ის პირველკლასელები, რომელებიც 6 წლის 2025 წლის 31 დეკემბერს გახდებიან, მაგრამ ეს წესიც კვლავ შეიცვლება და მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში სწავლის დაწყება მხოლოდ იმ ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებიც 6 წლის 15 სექტემბრისთვის შესრულდებიან.

მნიშვნელოვანი ცვლილებები ვიხილეთ სტრუქტურული თვალისაზრისითაც. განათლების სამინისტროში რეორგანიზაცია ორჯერ ჩატარდა. პირველად აპრილში, ალექსანდრე წულაძის მინისტრობისას - განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს რეორგანიზაციის შედეგად ათობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, გაუქმდა სამმართველოები და სააგენტოები.  

ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა, რასაც მშობელთა და სპეციალისტთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა როგორც მაშინ უწყებამ განმარტა, სამმართველო კი არ გაუქმდა, არამედ გაერთიანდა და  სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს შეუერთდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ სკოლამდელი განათლების სამმართველო გაუქმდა. ივნისში კი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებაც გავიგეთ. სააგენტოს ფუნქციები სამმა სამინისტრომ გადაინაწილა.

რომელმა სამინისტროებმა გადაიბარა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციები

ივნისის ბოლოს ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა და განათლების მინისტრად, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე  გივი მიქანაძე დაინიშნა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმდინარე რეფორმები ძალაში დარჩებოდა და მათი განხორციელება დაჩქარდებოდა, თუმცა წლის მეორე ნახევარში გეგმები შეიცვალა - უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის გაჟღერებამ, ბევრი წინა ბრძანება და ცვლილება გააბათილა.

ახალი მინისტრის დანიშვნიდან ერთ თვეში უწყებაში, ხელახალი  რეორგანიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც, განათლების საერთაშორისო ცენტრი და პროფესიული უნარების სააგენტო გაუქმდა.

მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, საჯარო მოსამსახურეებისთვის მეორე სამსახურში მუშაობის აკრძალვა. აღნიშნული კანონის მიხედვით, რომელიც ნოემბრიდან შევიდა ძალაში, პედაგოგებს დირექტორის წერილობითი თანხმობა სჭირდებათ მეორე სკოლაში/სასწავლო ცენტრში ან სხვა სამსახურში მუშაობისთვის. 

დირექტორის თანხმობის დოკუმენტი, რომელიც ორ სკოლაში დასაქმებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ - მასწავლებლებს ცნობის აღება ყოველ წელს დასჭირდებათ

2025 წელს პირველად ჩატარდა გამოცდა სახელმწიფო ენაში. ამასთან, მნიშვნელოვანი ცვლილებები ვიხილეთ უმაღლესი და ზოგადი განათლების მიმართულებით. 

 უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია

კონცეფცია პარლამენტმა დაამტკიცა და შესაბამისი ბრძანებებიც გამოსცა. რეფორმის მიხედვით, ინერგება 3+1 სისტემა ანუ ბაკალავრიატი 3 წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1. პროფესორების ძირითადი ნაწილი სრულ განაკვეთზე იმუშავებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებს ერთი და იგივე ფაკულტეტებზე მიღება აღარ ექნება. შეიცვლება უმაღლესების დაფინანსების სისტემაც, თუმცა კონკრეტულად როგორ, ჯერ ისევ არ ვიცით. ასევე, გამონაკლისი შემთხვევების გარდა სახელმწიფო უმაღლესებს უცხო ქვეყნის სტუდენტების მიღების უფლება აღარ ექნებათ.

სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უფასო ხდება - დაფინანსება აღარ შეეხება კერძო უმაღლესის სტუდენტებს

უმაღლესების შემდგომ ცვლილებების ქარმა ზოგადი განათლების მიმართულებითაც დაუბერა. გავიგეთ რომ ზოგადი განათლება 11 წლიანი ხდება, თუმცა იქნება სპეცკლასები, სადაც დარეგისტრირების შემთხვევაში 12 წელი ისწავლიან მოსწავლეები. ასევე, საგაკვეთილო პროცესში იკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება, პირველიდან მეექვსე კლასისს ჩათვლით სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა, საბაზო საფეხური კი ისევ 10 წლიანი გახდება. ცვლილებები სახელმძღვანელოებსაც შეეხება - სამინისტრო თავად შექმნის სასწავლო სახელმძღვანელოებს, რომლითაც სწავლის ვალდებულება კერძო სკოლებსაც ექნებათ, თუმცა ზოგადი განათლების რეფორმა ჯერ ისევ დასამტკიცებელია, ამიტომაც შესაძლოა, ცვლილებები კვლავ ვიხილოთ.

ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია

რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, გეტყვით რომ 2026 წლიდან 20%-ით იზრდება სკოლის ტექნიკური პერსონალისა და ადმინისტრაციის ხელფასები, თუმცა სიახლე  მასწავლებლებს არ ეხება, ვინაიდან როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა: „მასწავლებლებს ხელფასზე სამი წლის პროგნოზით გათვალისწინებული თანხა შარშან უკვე მოემატათ, წელს აღარ გაეზრდებათ ანაზღაურება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბრის ბოლოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საგამოცდო პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქართული ენისა და ლიტერატურის ასევე ისტორიის პროგრამაში ჩამატებულია ყველა ის საკითხი და ნაწარმოები, რომელიც გასული წლის გამოცდისთვის ამოიღეს. პროგრამის გაზრდის მიზეზებზე არავის გაუკეთებია განმარტება, არადა გასულ წელს პრემიერმა განაცხადა, რომ „მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... 

საგანმანთლებლო წლის შეჯამებისას გვერდს ვერ ავუვლით სკოლამდელ განათლებას - 2025 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესის დაწყებაა. რამდენიმეწლიანი გადავადების შემდგომ წელს განათლების ხარისხის განავითარების ეროვნულმა ცენტრმა საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. ასევე, ბაღებმა დაიწყეს ყოველწლიური თვითშეფასების კითხვარის შევსება. 

ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღებს ეხება არის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის შემოღება, 2026 წლის 15 იანვრიდან დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში აღმზრდელების და აღსაზრდელების მისვლისა და წამოსვლის დრო ელექტრონულად აღირიცხება. გეტყვით იმასაც, რომ ბაღის თანამშრომელთა ანაზღაურება 1-ელი იანვრიდან 10%-ით გაიზარდება.  

როგორც ხედავთ 2025 წელი სიახლეებით ნამდვილად დატვირთული იყო, როგორ აისახება ან აისახება თუ არა ეს ცვლილება განათლების ხარისხზე დადებითად ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ჩვენ კვლავაც ვრჩებით საგანმანათლებლო სიახლეების სადარაჯოზე. 

ETALONI.GE გილოცავთ 2026 წელს !

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203