„საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა“ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
30-07-2025

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რასაც ხელს გივი მიქანაძე აწერს.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი ან სხვა დაინტერესებულმა პირმა, ცენტრში უნდა წარადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებული განცხადება და თანდართული დოკუმენტები. „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად მიიჩნევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელში სწავლის გაგრძელების მიზნითაც ხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება“, - ნათქვამია ბრძანებაში.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; „თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვან დოკუმენტს თან ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.  ფიზიკური პირის განცხადებას თან ერთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადების წარდგენა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის –  (My.gov.ge)  მეშვეობით“.

განცხადებას უნდა ერთოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი პირის თანხმობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203