უჭირთ აზრის ჩამოყალიბება, კრიტიკული აზროვნება და აქვთ მწირი ლექსიკა... - UNICEF-ის კვლევა საქართველოს სტუდენტებზე
საქართველოში სტუდენტებს განსაკუთრებით უჭირთ აზრების ფორმულირება და მისი ნათლად გამოხატვა, წერილობითი უნარები - აღნიშნულის შესახებ UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში ჩატარდა.
საქართველოში ახალგაზრდების უნარების და საკვანძო კომპეტენციების შეფასების კვლევამ შვიდი რეგიონი მოიცვა: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე და ახალქალაქი. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა ეთნოსისა და აკადემიური მოსწრების 155 სტუდენტი.
კვლევის შედეგების მიხედვით :
- მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას, ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა;
- მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა;
- ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არ ფლობენ ქართულ ენას სათანადოდ, რაც საჭიროა მათი მონაწილეობისთვის აკადემიურ პროცესში;
- ბევრი სტუდენტი ვერ აკავშირებს მეცნიერების ცოდნას კარიერული ზრდის პერსპექტივასთან ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა ან ქიმიური პროდუქციის წარმოება;
- ბევრს უჭირს მათემატიკისა და ფინანსური წიგნიერების უნარების პრაქტიკულ სიტუაციებთან დაკავშირება;
- ბევრმა აღნიშნა, რომ უჭირს ნამდვილი ინფორმაციის ცრუ ინფორმაციისგან გარჩევა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რის გამოც თავს დაცულად ვერ გრნობენ;
- მონაწილეებში იგრძნობა შიში, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება ადამიანებს დააკარგვინოს სამუშაო ადგილები, გააქროს ტრადიციები და დააკნინოს ადამიანური კავშირები;
- მონაწილეები ამბობენ, რომ ხშირად გრძნობენ მოტივაციის ნაკლებობას საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სტრუქტურების გამო;
- მონაწილეების უმრავლესობამ გამოავლინა კარგი ცოდნა მათი, როგორც მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობების კუთხით, სოციალურ პრობლემებზე, მათ შორის, ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებზე რეაგირების თვალსაზრისით;
- ხარვეზი შეინიშნება შემოქმედებით აზროვნებას, თვითგამოხატვას და სამეწარმეო უნარებს შორის. ბევრი მიუთითებს ამ კუთხით გაუმჯობესების სურვილზე;
- ახალგაზრდების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისაუბრა ფსიკიქური ჯანმრთელობის მომსახურებების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით, ფინანსური ხელმისაწვდომობის და სტიგმის კუთხით, რაც სერიოზული დაბრკოლებებია;
- ბულინგი და ოჯახური პრობლემები დასახელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფართოდ გავრცელებულ ხელშემწყობ ფაქტორად.