ზოგი წიგნი უბრალოდ ისტორიას გვიყვება, ზოგი კი - გვაძლევს ღრმა საფიქრალს, ფარდას ხდის მწარე რეალობას. თამარ ჩხაიძის წიგნი „ემიგრანტის შვილი“, სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ ჩვენი საზოგადოების ღრმა ტკივილს.
ემიგრაციაში წასული მშობლისა და სახლში დარჩენილი მოსწავლის ცხოვრება - ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია არ არის. ეს ჩვენი დროის სატკივარია, რომელიც ნაცნობია ბევრი ქართული ოჯახისთვის.
ეს ნაწარმოები იმ წიგნთა რიგს მიეკუთვნება, რომელიც შეუძლია პედაგოგმა აუცილებელ საკითხვად ურჩიოს, მშობლებს, კოლეგებსა და ფართო საზოგადოებას.
„ემიგრანტის შვილი“ - ახალი ხმაა ქართულ ლიტერატურაში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის პედაგოგი მზია ზვიადაური აღნიშნავს, რომ ეს წიგნი ყველას წასაკითხია – მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, საზოგადოებისთვის და ნაწარმოების შესახებ გვიყვება:
„ემიგრანტის შვილი“ - ეს არა მხოლოდ წიგნის სახელი, არამედ იმ ათასობით ბავშვის რეალობაა საქართველოში, რომლებიც ყოველდღე უმკლავდებიან ცხოვრების სირთულეებს მშობლის გარეშე.
წიგნის მთავარი გმირი – 13 წლის გოგონა – დედის გარეშე იზრდება. ემიგრაციაში წასული დედის არყოფნა მის ცხოვრებაში მხოლოდ ფიზიკური არ არის; ეს სიმარტოვის, ტკივილის, მაგრამ ამავდროულად სიძლიერის ისტორიაა. გოგონა იძულებულია ადრეულ ასაკში აიღოს პასუხისმგებლობები, გაუმკლავდეს ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს, თვითშეფასების კრიზისს და ოჯახური სიმძიმეების ტარებას. თუმცა, სწორედ ამ გამოწვევებში იმალება მისი სულიერი ზრდა და სიმამაცე“.
წიგნის ავტორის კომენტარში კი ნათლად იკვეთება, რომ ეს წიგნი მხოლოდ ერთი ბავშვის ამბავი არ არის – ეს არის გზავნილი მთელი ქვეყნისთვის:
„ამ წიგნით მინდოდა დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ტკივილი გადმომეცა. ემიგრაცია საქართველოსთვის უბრალო სიტყვა აღარ არის – ეს ჩვენი რეალობაა, ჩვენი ყოველდღიურობა და ხშირად, ჩვენი ბავშვების დაკარგული ბავშვობაც. მინდოდა, ამ ისტორიით ყველას შევახსენო, რა ფასად გვიჯდება თითოეული ოჯახის გახლეჩა და რამდენად ძლიერები არიან ის ბავშვები, რომლებიც ყოველდღე ამ ბრძოლას მარტო აწყდებიან.“
„ემიგრანტის შვილი“ მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოები არ არის – ეს არის ხმა ბავშვების, რომლებიც ხშირად უხმოდ იტანენ ტკივილს. ეს წიგნი ყველას წასაკითხია – მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, საზოგადოებისთვის, რათა უკეთ გავიგოთ, როგორია ცხოვრება მაშინ, როცა ოჯახში ერთ-ერთი მშობელი შორსაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ახლოს – გულით“,- დასძენს წიგნზე საუბრისას მზია ზვიადაური.