დროისა და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ დავინტერესდით, თუ რა კითხვები შეიძლება დაესვა ხელოვნურ ინტელექტს მასწავლებლებისთვის, რა დააინტერესებდა მათი მუშაობის შესახებ და ChatGPT-ის დახმარებით შევადგინეთ საინტერესო და ცოტა სახალისო კითხვარი, რომლის მეშვეობითაც გვსურს უკეთ გაგაცნოთ მასწავლებლები, გაგიზიაროთ მათი გამოცდილება, იდეები ...
კითხვებს დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ახალაია პასუხობს.
- როგორი გაკვეთილი რჩება ყველაზე დიდხანს მოსწავლეების მეხსიერებაში - და რატომ?
- მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია, რადგან მოსწავლეს უჩნდება სურვილი საგაკვეთილო პროცესში ჩართვის, მისი შესაძლებლობების გამოვლენის.
- რა არის ყველაზე უჩვეულო ან სახალისო კითხვა, რაც მოსწავლეს უკითხავს გაკვეთილზე ?
- კითხვას, რომელსაც ყოველთვის ხალისით ვიხსენებ, არის - „მასწავლებელო, როდესმე ტყუილი გითქვამთ, თქვენი მასწავლებლისთვის?’’
- გქონიათ შემთხვევა, როდესაც გაკვეთილზე სიცილს ვერაფრით იკავებდით? რატომ?
- ბავშვებს ვასწავლიდი ქიმიური ელემენტების შედგენას . ერთ-ერთი მოსწავლე ხელის აწევით მთხოვს, მასწავლებელო გვასწავლეთ, როგორ შევადგინოთ ,,სიყვარულის ფორმულა’’.
- ყველაზე უცნაური რამ, რაც მოსწავლემ გამოცდაზე/საკონტროლოზე/შემაჯამებელზე დაგიწერათ?
- შემაჯამებელის ფურცელზე, პასუხების ადგილზე წერია: ,, დამეხმარე მასწავლებელო!’’
- სკოლის რომელი დღე ან ღონისძიება გახსოვთ, როგორც ყველაზე მხიარული?
- მოსწავლეებთან ურთიერთობის ყოველი დღე, მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა, თუმცა გამოვყოფდი მათთან ერთად გატარებულ ექსკურსიის დღეს, როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთ ჭკუაზე ვართ, ვერთობით და ვხალისობთ.
- თქვენს სკოლაში ჯადოსნური ღილაკი რომ გაჩნდეს, რომელიც სკოლასთან დაკავშირებულ ერთ ნებისმიერი სურვილს აგისრულებთ — რომელი იქნებოდა ეს ?
- ვისურვებდი, სკოლის სრულ რეაბილიტაციას, მის აღჭურვას თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
- ვინ იცინის სასწავლო წლის ბოლოს ?
- ალბათ, ის ვინც ბევრს შრომობს სასწავლო წლის განმავლობაში-ჩვენი მოსწავლეები.