„სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელთა 45% არაკვალიფიციურია“- რა წერია UNIСEF-ის კვლევაში
მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საკადრო ცვლილებების ნაცვლად სხდომაზე სამი საათის განმავლობაში UNICEF-ის კვლევას განიხილავდნენ, გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიმართ ყურადღება და ინტერესი გააძლიერა. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც სკოლამდელ განათლებას ეხება, ნამდვილად დამაფიქრებელია.
UNICEF საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ კვლევას ყოველწლიურად აქვეყნებს.
2018 წლის კვლევას, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სკოლამდელი განათლების საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები უნდა გამოევლინა.
საქართველოში ადრეული განათლების და ზრუნვის სერვისების ხარისხი ხუთი მიმართულებით შეფასდა: ხელმისაწვდომობა, პერსონალი, კურიკულუმი (საგანმანათლებლო პროგრამა), მონიტორინგი და მართვა.
2018 წლის კვლევაში ნაჩვენებია, რომ საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%) ევროპულ ნიშნულზე (95%) დაბალია. ამავდროულად, ჩარიცხვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ, სოციალურად დაუცველ და სოფლად მცხოვრებ ბავშვებში.
ასევე, კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის შემთხვევაში ისეთი ბარიერები ექმნებათ, როგორიცაა: ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, გადატვირთული ჯგუფები, აღმზრდელთა დაბალი კომპეტენცია და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ არსებული სოციალური სტიგმა.
UNICEF-ის კვლევის მიხედვით, თითო სასწავლო ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დიდია და ეს განსაკუთრებით ქალაქად მცხოვრებ ბავშვებს ეხებათ. მაგალითად, თბილისში თითო ჯგუფზე საშუალოდ 39 ბავშვი მოდის, ზოგიერთ ჯგუფში კი 60-მდე ბავშვია. ჯგუფში ბავშვების სიმრავლე კი საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო შედეგი აქვს კვლევას აღმზრდელებთან დაკავშირებით. კერძოდ, 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აღმზრდელთა 45% არაკვალიფიციურია. ამავდროულად, სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის უმრავლესობას უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტრენინგი არ გაუვლია.
ასევე, სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს კვლევის ის შედეგი, რომ საქართველოში სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ აღმზრდელთა სოციალური სტატუსი-ხელფასი მეტად დაბალია.
UNICEF-ის კვლევის მიხედვითვე, სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვის განვითარებისა და სწავლის ხელშემწყობი რესურსები მცირეა. ისეთი რესურსებისთვის როგორიცაა: ფანქრები, ქაღალდი და სხვ.; ასევე, წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს.
აქვე აღსანიშნია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017 წლის მონაცემები, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.
ასევე, ქალაქად საბავშვო ბაღებში 3-5 წლის ბავშვების უფრო დიდი პროცენტული წილი დადიოდა, ვიდრე სოფლად (78% და 51%). 3-5 წლის ბავშვების მთლიანი რაოდენობის 8.9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ დადიოდა იმიტომ, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო.
კვლევის მიხედვით სავალდებულო განათლების საფეხურზე სკოლაში დასწრების მაჩვენებელი 97%-ია; ამის მიუხედავად, 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას. ამავდროულად, ღარიბი ოჯახების ბავშვები უფრო იშვიათად იღებენ სკოლამდელ ან დაწყებით განათლებას.
მაჩვენებელი არათუ არ იცვლება უკეთესობისკენ, უარესდება 18 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც ღარიბი ოჯახების შვილები საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტოვებენ. ამ ასაკიდან, კვლვევის მიხედვით იკვეთება, რომ სხვადასხვა ტიპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას აგრძელებს უღარიბესი კვინტილის 20 წლის ბავშვების თითქმის 5% და უმდიდრესი კვინტილის ბავშვების 77%.
2017 წლის კვლევით, ყველაზე ღარიბი ოჯახების ყოველი 10 ბავშვიდან 6-ს არ აქვს ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე. საქართველოში 36-59 თვის ბავშვების მხოლოდ 59%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი. ამასთან ერთად, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი საბავშვო წიგნებზე (66.3%), ვიდრე სოფლად მცხოვრებ ბავშვებს (52.6%).
სკოლამდელი განათლების სპეციალისტი გაეროს ბავშვთა ფონდში, ანა ჯანელიძე ფიქრობს, რომ კვლევის შედეგი საგანგაშოა. როგორც ის Etaloni.ge-სთან აცხადებს, მნიშვნელოვანია მთელი რიგი სისტემური რეფორმების გატარება:
„პრობლემები ძალიან სერიოზულია, განსაკუთრებით პერსონალთან მიმართებაში. კადრი კვალიფიციური უნდა იყოს და ეს ამ ეტაპზე ყველაზე კრიტიკული ხარვეზია. ვინაიდან ყველაზე რთული სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ, ეს ნომერ პირველი სამუშაო უნდა იყოს სისტემისთვის. რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია, რადგან სხვანაირად ის სტანდარტები, რაც სკოლამდელი განათლების სისტემისთვის საჭიროა, უბრალოდ, საუბრად დარჩება. ეს არ გულისხმობს ორდღიან ტრენინგებს, რადგან გამოცდილებამ და კვლევებმა გვაჩვენა, რომ ეს ეფექტიური არ არის. ეფექტურია უწყვეტი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, რომელიც საბავშვო ბაღებში ე.წ. „ქოუჩინგსაც“ მოიცავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მენტორი საბავშვო ბაღში უნდა მუშაობდეს და თანამშრომლებს ახალი უნარების შეძენაში ეხმარებოდეს.
და რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო პროგრამები უნდა გაკეთდეს, რათა ახალი კადრები მომზადდეს. დღეს უნივერსიტეტებში აღმზრდელების მოსამზადებელი პროგრამები არ არსებობს.სასკოლო განათლების მიღების პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია განათლების სისტემის ჯაჭვში და ამ დროის დაკარგვა მიუღებელია. „-განმარტა ჯანელიძემ.
კონსულტაციის და ტრენიგნის ცენტრის ასოცირებული ტრენერი პავლე თვალიაშვილი Etaloni.ge-სთან UNICEF-ის კვლევის შედეგებსა და ქართული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ საუბრობს:„ამგვარი კვლევები მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი სურათის შესახებ მუდმივი ინფორმაცია გვქონდეს. ბუნებრივია კვლევები მხოლოდ სტატისტიკად არ უნდა დარჩეს და მისი შედეგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს. კვლევები სწორედ იმის საშუალებას იძლევა, რომ გამოჩნდეს ხარვეზები და სწორად მუშაობისთვის მიმართულებები განისაზღვროს. საქართველოს განათლების სისტემაში ბევრი რამ შესაცვლელია. რეფორმების შესახებ საუბარი მხოლოდ განცხადებებად არ უნდა დარჩეს. მაგალითისთვის, სერვისცენტრების დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია და ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები უკვე იდგმება. ასევე, მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები არ უნდა იყოს ცენტრალიზებული, იმიტომ, რომ უამარავი თანხა იხარჯება და შედეგებს ვერ ვაღწევთ. სისტემაში ბევრი რამ შესაცვლელია და აუცილებელია, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების და ქართული არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მოხდეს“-განაცხადა თვალიაშვილმა.
საქართველოს ახალი პრემიერის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების სისტემაში ფუნდამენტური და ძირეული რეფორმები განხორციელდება. კვლევებისა და შედეგების მიხედვით, ეს საკითხი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.