„თითოეულ სიტყვას შეუძლია სამყაროს შეცვლა“... - გიას ბადალოვი, მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორი
11-04-2025

რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის, მამხუტის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი გიას ბადალოვი პასუხობს, რომელიც სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- მოსწავლეებისთვის დაცული და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა, მათი უფლებების, პიროვნული თვითშეფასების აღიარება და გაზიარება. კრიზისულ სიტუაციებში მხარდაჭერის გამოხატვა და პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად დახმარების შეთავაზება.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- განათლება საზოგადოებრივი და პიროვნული განვითარების ძირითადი საფუძველია. მეტი ცოდნა საშუალებას აძლევს ადამიანს იყოს კონკურენტუნარიანი როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განათლებული ადამიანები ქმნიან ბირთვს, რომელიც წარმართავს პოლიტიკურ,
ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- მოსწავლისთვის საშინაო დავალება უნდა იყოს მორგებული მის შესაძლებლობებს, სტილს და საჭიროებებს. შეიძლება დავალება წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, იყოს ეტაპობრივად გაყოფილი და შეიცავდეს საინტერესო, პრაქტიკულ აქტივობებს.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- დავამატებდი წესს: 1 „ყოველ მოსწავლეს ვაძლევთ შანსს, გამოიკვეთოს თავისი  უნიკალურობით; 2. საშუალო საფეხურზე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ლიტერატურა - მარწმუნებდა, რომ თითოეულ სიტყვას შეუძლია სამყაროს შეცვლა. პერსონაჟებში საკუთარ თავს ვპოულობდი, ხოლო ანალიზი მასწავლებლობისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი შთაგონება იყო.

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- ჩემთვის მნიშვნელოვანია არა საქვეყნოდ ცნობილი, არამედ ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილებისა და სტაჟის მქონე იმ პიროვნებების მასწავლებლად არჩევა, ვისი ძალისხმევის შედეგად არაერთმა თაობამ
მიაღწია წარმატებას როგორც პროფესიულად ისე პიროვნულად.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და გამართული ინფრასტრუქტურით მოწყობილი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ჯანსაღი და ხელმისაწვდომი სასკოლო კვებით. საბაზო-საშუალო საფეხურზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დატვირთული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...