ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი იამზე ჯანჯღავა ბლიც-ინტერვიუში მოსწავლეების ნდობის მოპოვებისა და განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს. ასევე, გვიზიარებს საკუთარ ხედვას მომავლის სკოლაზე, რომელიც ტექნოლოგიებით მდიდარ და მოქნილ სივრცედ წარმოუდგენია.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-გულწრფელობა და სამართლიანობა
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-ის აძლიერებს პიროვნებას, აძლევს კრიტიკული აზროვნების უნარს, უხსნის გზას თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობისათვის.
-საშინაო დავალება უნდა იყოს...
-მიზნობრივი და მოსწავლისათვის საინტერესო. მთავარია არ იყოს გადატვირთული და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარებას.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-კვირაში ერთი საათი დაეთმოს მოსწავლეების მიერ ინიცირებულ პროექტებს. წარმოიდგინეთ, რა ენთუზიაზმით ჩაერთვებოდნენ მოსწავლეები იმ საკითხების შესწავლაში, რაც მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-ქართული ენა და ლიტერატურა.
რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-ოტია იოსელიანს.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
ვფიქრობ, მომავლის სკოლა იქნება უფრო მოქნილი და ტექნოლოგიებით მდიდარი სივრცე, რომელიც მოსწავლეებს მოამზადებს სწრაფად ცვალებად სამყაროში გახდნენ აქტიური და შემოქმედებითი მოქალაქეები.