ტოჩინოშინი ანუ მამაცი გული – ასე უწოდებენ იაპონიაში ლევან გორგაძეს, რომელიც ამ ქვეყანაში სუმოს იმპერატორის ტიტულისა და ოძეკის წოდების მფლობელია. ოძეკი ჩემპიონს ნიშნავს და იგი სუმოს ყველაზე მაღალი რანგი იყო მანამ, სანამ იოკოძუნას რანგს დაამატებდნენ. ახლა ოძეკი რიგით მეორე ტიტულია სპორტის ამ სახეობაში. სუმო კი სპორტის ნაციონალურ სახეობად ითვლება და უზომოდ პოპულარული სანახაობაა იაპონიაში.
ლევანი მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის მკვიდრია. 7 წლის იყო, პაპამ ძიუდოზე რომ შეიყვანა. 18 წლის ასაკში ლევან გორგაძე იაპონიაში მიიწვიეს – ჭაბუკთა შორის სუმოს მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის შემდეგ იაპონიაში დარჩენა გადაწყვიტა.
ლევან გორგაძემ Etaloni.ge-ს ბავშვობის შესახებ უამბო და წარმატების მიღწევის საკუთარი რეცეპტი გაანდო.
- სოფელ ძეგვში დავიბადე და გავიზარდე. 7 წლის ვიყავი, ძიუდოზე რომ შემიყვანეს. საქართველოს ჩემპიონი პირველად 14 წლის ასაკში გავხდი. მერე სამბოშიც გავხდი ჩემპიონი, ქართულ ჭიდაობაშიც რამდენიმეჯერ. 2003 წელს ბავშვთა ოლიმპიადაზე ძიუდოში მეორე ადგილი ავიღე. 2005 წელს გავხდი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სამბოში. ამავე წელს იაპონიაში, სუმოს მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრე. იქ მეორე ადგილი ავიღე და პროფესიონალურ სუმოში ამიყვანეს. 2006 წლიდან პროფესიონალ სუმოისტებში ვირიცხები და 13 წელი ხდება, რაც იაპონიაში ვარ.
– სკოლა როგორ გახსოვთ, როგორ სწავლობდით?
– მე-7 კლასამდე კარგად ვსწავლობდი. არ მეზარებოდა სწავლა, მაგრამ შეკრებებსა და შეჯიბრებებში რომ ჩავერთე აქტიურად, სკოლას ხშირად ვაცდენდი და კარგადაც ვეღარ ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებული ცხოვრების პერიოდი იყო, ძალიან თბილად მახსენდება ჩემი მეგობრები და კლასელები. შატალოზეც ხშირად დავდიოდი. ერთხელ შატალოზე წავედით და მეორე დღეს ყველა ჩვენგანმა უთხრა მშობელს, რომ რაღაც სტკიოდა. იმ დღეს მხოლოდ ორი ბავშვი მივიდა სკოლაში, რომლებმაც წინა დღეს გააცდინეს და არ იცოდნენ ამ შატალოს შესახებ. არავის გვინდოდა იმ დღეს სკოლაში მისვლა, რადგან ჩხუბს ვერ ავცდებოდით. მერე კი მივედით და ბოდიშიც მოვუხადეთ სკოლის დირექციას. ეს ამბავი რატომღაც მუდამ მახსოვს.
– თქვენი საყვარელი საგანი რომელი იყო?
– ფიზკულტურის გაკვეთილი მიყვარდა, მათემატიკა და ისტორია. მათემატიკის მასწავლებელი ჩემი მეგობრის დაიკოა და მასთან ახლო ურთიერთობაც მქონდა, ოჯახებითაც ახლოს ვიყავით და სულ ვცდილობდი, კარგად მესწავლა. ქიმია არ მიყვარდა. ქიმიის მასწავლებელმა ერთი-ორჯერ, ბაკებს რომ ეძახიან, ისინი მომაწიწკნა... წლები რომ გავიდა, მერე იმ მასწავლებელს კი დავუმეგობრდი, მაგრამ ქიმია მაინც არ შემიყვარდა. მე-9 კლასის მერე გამოვედი სკოლიდან და თბილისში, სამედიცინოზე ჩავაბარე – სტომატოლოგი უნდა გამოვსულიყავი. დედაჩემი ექთანია და უნდოდა, მის შვილსაც ამ სფეროში ემუშავა. მაშინ საქართველოში ისეთი პერიოდი იყო, ყველა სტომატოლოგიურზე აბარებდა – ფული კეთდებაო. სულაც არ მინდოდა, მაგრამ დედას ხათრით დავიწყე ამ პროფესიის შესწავლა. სულ შეკრებებზე დავდიოდი და ვაცდენდი, მაგრამ დიპლომი მაინც ავიღე.
– სტომატოლოგია თუ ისწავლეთ?
– კი, ოღონდ ნახევრად. როცა არ გიმუშავია, კბილი არ ამოგიღია და დაგიპლომბია...
– სოფელში გაზრდილმა ბიჭმა სოფლის საქმე თუ იცით?
– კი, ხშირად ვეხმარებოდი ჩემს ბებიას და პაპას ბოსტნისა თუ ვაზის მოვლაში. ბავშვობიდან მიყვარდა შრომა, არასოდეს მეთაკილებოდა. სპორტსმენი, რომელიც არ შრომობს და თავისი საქმე არ უყვარს, წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს. იაპონიაში, როგორი შეძლებული ოჯახის შვილიც უნდა იყოს, არავის ეთაკილება არანაირი შრომა და ამიტომაც ააშენეს საათივით აწყობილი ქვეყანა.
დამიბარავს, გამითოხნია... ვაზის მოვლა ძლიან მიყვარს. გასხვლაშიც ვეხმარებოდი პაპას, ვაკვირდებოდი, როგორ უვლიდა და ვსწავლობდი. ღვინოც ბევრჯერ დამიწურავს და დამიყენებია. ყველაზე დიდი ფეხი მქონდა ოჯახში – 47–ია ჩემი ფეხის ზომა. დამიბრიყვეს, დიდი ფეხები აქვსო და სულ მე მაწურინებდნენ. თან, წონითაც ყველაზე დიდი ვიყავი – ალბათ 100 კილო.
– ბავშვობიდან დიდი წონის იყავით?
– დიდი წონის არ დავბადებულვარ, მაგრამ პირველ კლასში რომ მივედი და მასწავლებელმა დამინახა გაკვეთილზე, მეჩხუბა, აქ რა გინდა, შენს კლასში წადიო. ტირილი დავიწყე, ამათი კლასელი ვარ-მეთქი. ახლაც მახსოვს ის დღე.
მამაჩემი ასე დიდი ტანის არ არის. დედაჩემსაც საშუალო სიმაღლე აქვს, მაგრამ მამაჩემის მამა იყო ძალიან დიდი, ჩემი ტანის. მამაჩემის მხარეს ბიძები, მამიდები და მათი შვილები – ყველანი მაღლები არიან. მამაჩემი საბიძაშვილოში ყველაზე დაბალია. სხვები 190 სანტიმეტრზე მეტი არიან.
– სუმოისტი რომ გახდე, ბევრი შრომა სჭირდება თუ მხოლოდ ისაა საკმარისი, ფიზიკურად დიდი იყო?
– რა თქმა უნდა, შრომა სჭირდება. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, სპეციალურად თუ ჭამთ რაღაცეებსო. სუმოისტები ჩვეულებრივ საკვებს ვჭამთ, ისე, როგორც სხვა ადამიანები, მაგრამ ალბათ ცოტა მეტს. ვარჯიშით რომ იმატებ წონას, მხოლოდ ქონი კი არ იზრდება ორგანიზმში, იზრდება კუნთიც. იაპონიაში რომ ჩავედი, 120 კილო ვიყავი და მინდოდა, მომემატებინა. მაშინ 2 წელიწადში 20 კილო მოვიმატე. ახლა 170 კილო ვარ.
– საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. სუმოისტებში როგორაა ამ მხრივ საქმე?
– შემიძლია გითხრათ, რომ მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. ჩვენ წელიწადში ორ–სამჯერ ვიტარებთ მთელი სხეულის გამოკვევას. მხოლოდ მუხლი მაქვს ნაოპერაციევი და ის მტკივა უკვე წლებია. ორგანიზმის ჯანმრთელობა ცხიმებზე, ქოლესტერინზეა დამოკიდებული. მე კი არ მაქვს იმდენი ცხიმი, რომ ორგანიზმი დამიზიანდეს. უფრო კუნთოვანი სხეული მაქვს.
– იაპონიაში როგორი დღის რეჟიმი გაქვთ?
– ყოველ დილას 6 საათზე ვდგები. კლუბთან ახლოს ვცხოვრობ და ველოსიპედით 3 წუთში მივდივარ. 7-ის ნახევარზე მეწყება ვარჯიში. 11 საათზე ვასრულებთ და საჭმელს ვჭამთ. მერე, თმებს გვვარცხნიან სუმოისტებს და პირველი საათის მერე ვთავისუფლდებით. შუადღეს ვიძინებთ. საღამოს კი შეხვედრები გვაქვს სპონსორებთან და სხვადასხვა პიროვნებასთან, ან სავარჯიშოდ დავდივარ ტრენაჟორებზე. ორ თვეში ერთხელ გვაქვს შეჯიბრი და ყველა შეჯიბრი 15 დღე მიმდინარეობს. სხვადასხვა ქალაქში ერთდღიანი ჩემპიონატებიც ტარდება. ასე რომ, დღე და ღამე ვმუშაობთ და მხოლოდ ხანდახან ვისვენებთ კვირა დღეს.
– ცოლ–შვილი საქართველოში გყავთ. არ გიჭირთ ასე ცხოვრება?
– დიახ, მაგრამ ასე ამეწყო ცხოვრება და მგონი, არავის გაუხარდება, რომ მივატოვო ჩემი საქმე და საქართველოში დავბრუნდე. ბავშვი 7 თვის არის და ახლა, ბოლოს რომ ვიყავი ჩამოსული საქართველოში, პირველად მაშინ ვნახე. სხვა გზა არ არის.
– როცა იმპერატორის თასის მფლობელი გახდით, აქ ბევრს ხალისობდნენ იმ საკვებზე, რომელიც მაშინ გაჩუქეს – ერთი ძროხა, ერთი წლის სამყოფი ბრინჯი და რძე, ერთი ტონა ბოსტნეული...
– ვინც სუმოს სპონსორები არიან, ისინი აწესებენ ასეთ პრიზებს. ეს მათი სახელიც არის – რეკლამას უკეთებენ თავიანთ პროდუქციას. უამრავი ხალხის წინაშე გადმოგვცემენ ამ პროდუქტს და ამას ტელევიზიით აჩვენებენ. ხახვი და ნიორიც მაჩუქეს.
– სახლში მოგართვეს?
– არა, სუმოს კლუბში გზავნიან. ერთი წლის განმავლობაში უნდა გამოგიგზავნონ, ერთბაშად კი არ მოაქვთ. ყოველ თვე, მაგალითად, 20–30 კილო ხორცს მიგზავნიან და ასევე სხვა პროდუქტებსაც...